“ბასკონიამ” მადრიდში ფინალური სერიის მეორე მატჩი ვეღარ მოიგო

“ბასკონიამ” მადრიდში ფინალური სერიის მეორე მატჩი ვეღარ მოიგო

ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში დაწინაურების შემდეგ, თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” მადრიდში “რეალთან” გამართული მეორე მატჩი წააგო – 91:98. ბასკონიელები ესპანეთის დედაქალაქიდან მაინც წარმატებით ბრუნდებიან, რადგან 2-დან 1 შეხვედრა მოიგეს, მოედნის უპირატესობა მოიპოვეს და ახლა სერიის მომდევნო 2 მატჩს შინ, ვიტორიაში ჩაატარებენ და წარმატების შემთხვევაში ჩემპიონები გახდებიან.

ფინალური სერიის მეორე მატჩი ვერც “ბასკონიასთვის”და ვერც მისი ქართველი კაპიტნისთვის სახეირო ვერ გამოდგა. მართალია, ვიტორიელებმა კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი 33:28 მოიგეს, თუმცა მომდევნო 2 ათწუთული ჩააგდეს, რომელთა ჯამში 23 ქულით წაგების შემდეგ, ფაქტობრივად წასაგებად გაიწირნენ. ბოლო მეოთხედის წინ 18 ქულით ჩამორჩნილმა ბასკონიელებმა ათწუთული 26:15 მოიგეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

შენგელია სასტარტო ხუთულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 15:27 წუთი გაატარა. თორნიკემ 2-დან 2 საჯარიმო და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორიანი კი ააცილა. 5 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა 2 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. ბასკონიელთაგან საუკეთესო შედეგი 18 ქულით მეტ ჯენინგმა დააფიქსირა, ილიმანე დიოპმა კი 16 მიითვალა. “რეალში” 16-16 ქულით ჯეისი ჯეროლი და ტრეი ტომპკინსი გამოირჩნენ. გუსტავ აიონმა 14 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

ფინალური სერიის მომდევნო 2 შეხვედრა 17 და 18 ივნისს ვიტორიაში ჩატარდება.