ბათუმის იოლი გამარჯვება ქუთაისთან

ბათუმის იოლი გამარჯვება ქუთაისთან

ბათუმმა სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მიმდინარე სეზონის დასაწყისში სუპერთასის მოგების შემდეგ ზღვისპირელებმა სუპერლიგის ყველა მატჩი წააგეს. სწორედ სუპერთასის გამო ქუთაისთან გადადებული პირველი ტურის მატჩი მოიგეს ბათუმელებმა. 24 ნოემბერს აჭარის დედაქალაქს ქუთაისი ესტუმრა და ისე, რომ შანსი არ ჰქონია, ბათუმთან დაპირისპირება დათმო – 75:93 (სტატისტიკა)

მოქმედ ჩემპიონ ქუთაისს უიღბლო პერიოდი უდგას. იმერულმა კლუბმა ზემოთხსენებული სუპერთასი ხომ წააგო, დუდუ დადიანის მემორიალზეც ფინალი დათმო და სუპერლიგაში კი ამ ბათუმთან შეხვედრამდე თითო მოგებ-წაგება ჰქონდა. კოტე ტუღუშის გუნდმა ბათუმთან მატჩის დასაწყისში გაიბრძოლა, რის შემდეგაც დიდი სხვაობით ჩამორჩა და თამაშის ბოლომდე მეტოქეს ვეღარ დაეწია.

პირველი პერიოდი ბათუმელებმა 23:19 მოიგეს, ხოლო მეორეში უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს და დიდი შესვენებისთვის ქუთაისელებს წარმატების შანსი კიდევ ჰქონდათ, თუმცა მესამე პერიოდში მასპინძელთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და თამაშმა სპორტული ინტერესი დაკარგა.

გამარჯვებულთაგან 19 ქულით ბომბარდირი კაილი რიდლი გახდა. 16 ქულა დერიკ ნიუტონმა დააგროვა, გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო კრისტოფერ ვეარი.

სუპერლიგის მომდევნო, მე-5 ტურის მატჩები 26, 27 და 28 ნოემბერს გაიმართება.