ბითაძე დენვერთან მატჩში: 33 წუთი, 17 ქულა, 10 მოხსნა და დაფარება ნიკოლა იოკიჩზე

ბითაძე დენვერთან მატჩში: 33 წუთი, 17 ქულა, 10 მოხსნა და დაფარება ნიკოლა იოკიჩზე

გოგა ბითაძის პროგრესი ბოლო პერიოდში შესამჩნევია. კარგა ხნის მანძილზე სათადარიგო ქართველი სასტარტო ხუთეულში დამკვიდრდა და ინდიანა პეისერსის ერთ-ერთი წამყვან მოთამაშედ იქცა. ბოლო პერიოდში მას შედეგიანობა არ აკლდა, თუმცა გასულ მატჩში, გვარიანი პაუზის შემდეგ, საკუთარი სტატისტიკა ორმაგი დუბლით გამოსახა.

მორიგ მატჩში ინდიანამ დენვერ ნაგეტსს უმასპინძლა, სადაც სახელგანთქმული სერბი ცენტრი, ნიკოლა იოკიჩი ბობოქრობს. სწორედ პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრთან მოუწია ბითაძეს პაექრობა და საკმაოდ მაღალი შედეგიანობის დაფიქსირება. 33 წუთში ქართველმა ცენტრმა 17 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. იოკიჩმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო და 37 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. დაკარგვებით იოკიჩმა ბითაძეს გვარიანად “აჯობა”: 9 დაკარგვა 3-ის წინააღმდეგ.

საინტერესო იყო მესამე პერიოდის შუაწელში ბითაძის იოკიჩზე დაფარება. მეორე ბლოკი ქართველმა ცენტრმა აარონ გორდონზე განახორციელა. გოგამ 9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ბოლო პერიოდის წინა ანგარიში თანაბარი იყო და ბითაძე ბოლო წუთებზე მოედანზე იყო, რაც მისადმი მწვრთნელის ნდობის გამოხატულების მყარი არგუმენტია. სამწუხაროდ, ინდიანა დენვერთან საბოლოოდ დამარცხდა – 118:125. ბითაძეზე მეტი ინდიანაში მხოლოდ ბადი ჰილდმა მოაგროვა – 20 ქულა. საუკეთესოდ კი ტაირის ჰალიბარტონი დასახელდა, რომელმაც 15 ქულა, 12 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. 

25 მოგებითა და 52 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს. 5 მატჩიც და ინდიანასთვის 2021-2022 წლების სეზონი დასრულდება. შემდეგი შეხვედრა ბითაძის გუნდს 2 აპრილს მინესოტასთან ელის, სადაც ქართველ ცენტრს ნბა-ს კიდევ ერთი ტიტანი, კარლ-ენტონი თოუნსი ელოდება.