მაილს ტერნერის ტრავმითა და საკუთარი შრომით მოპოვებულ დროს გოგა ბითაძე შედეგიანად იყენებს. ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ინდიანა პეისერსი მილუოკისთან 133:142 დამარცხდა, გოგა ბითაძემ კი ამ შეხვედრაში 24 წუთი ითამაშა.
მიმდინარე სეზონში ამაზე მეტი – 25 წუთი გოგამ 8 აპრილს, მინესოტასთან მოგებულ მატჩში ითამაშა და ნბა-ში პირადი რეკორდი – 14 ქულაც მოაგროვა. გასულ შეხვედრაში ქართველი ცენტრი საკმაოდ შედეგიანი იყო, თუმცა რეკორდზე არ წასულა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა როგორც ვთქვით, მან 24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
გოგამ 3-დან 2 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩაგდო, 2 ორქულიანი კი ააცილა. ბითაძემ 5 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს. ინდიანელთაგან 23 ქულით და 7 პასით საუკეთესო ტიჯეი მაკკონელი გახლდათ, 26 ქულით ბომბარდირი ჯასტინ ჰოლიდეი გახდა, ხოლო დომანტას საბონისმა 10 ქულა, 14 პასი და 6 მოხსნა მიითვალა.
33 მოგებითა და 37 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და დიდი ალბათობით პლეი ოფში გასასვლელად ახალ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, რომლის თანახმადაც კონფერენციის 7-10 ადგილებზე გასული გუნდები პლეი ოფის 2 საგზურს საკვალიფიკაციო მატჩებში გაითამაშებენ.