გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა და ამის მიზეზი კვლავ ვენდელ კარტერის ტრავმაა, რომელიც მან ნიუ იორკ ნიქსთან მატჩის წინ, გახურებისას მიიღო. ცხადია, კარტერის ადგილი ხუთეულში ქართველმა ცენტრმა დაიკავა და უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ სასტარტოში ცენტრის პოზიციას სწორედ ის იმსახურებს.
რითი განისაზღვრება კარგი თამაში? ცხადია, პირადი შედეგიანობითა და გუნდის წარმატებით. ბითაძე ორივე შემთხვევაში პირნათელია: ის კარტერზე გაცილებით შედეგიანად თამაშობს და ორლანდო მეჯიქი იგებს. ასე იყო ამჯერადაც, ბითაძემ ჩინებული სტატისტიკა აჩვენა, ორლანდო მეჯიქმა კი ნიუ იორკი 118:107 დაამარცხა.
ბითაძემ 30 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ 8 დან 4 ორქულიანი და 8 დან 5 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა, მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა კი +16 შეადგინა.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ორლანდოს მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოსლიმ ბითაძეზეც ისაუბრა: ვფიქრობ, რომ გოგამ ფანტასტიკური იყო. ის თამაშისთვის, ამ მომენტისთვის და იმის გასაკეთებლად, რაც ვთხოვეთ მზად იყო. მატჩამდე ვიღაცამ მკითხა, თუ რა მოლოდინები გვაქვს ხოლმე გოგასგან, როცა ის თამაშობს და სწორედ ეს მოლოდინები გვაქვს. ის დაცვაში უნდა ხსნიდეს ბურთებს, იცავდეს პიკ-ენ-როლის დროს სწორად, კარგად იცავდეს ფარქვეშ და იღებდეს სწორ გადაწყვეტილებებს.”
ორლანდოელთა რიგებში 32 ქულით საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, 29 ქულა ჰქონდა აშშ-ს ნაკრების იტალიელ უკანახაზელს, პაოლო ბანკეროს, ხოლო თავისიანებს 21 ქულით დაეხმარა ჯეილენ საგსი.
„ორლანდო მეჯიქს“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში 19 გამარჯვება და 12 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.