ბითაძემ სან ანტონიოსთან სასტარტოში ითამაშა: 23 წუთი, 5 დაფარება, 9 მოხსნა, 7 ქულა

ბითაძემ სან ანტონიოსთან სასტარტოში ითამაშა: 23 წუთი, 5 დაფარება, 9 მოხსნა, 7 ქულა

გოგა ბითაძემ 5 დაფარებით კარიერის რეკორდი გაიმეორა და ეს დღეს, გამთენიისას, “სან ანტონიოსთან” მატჩში მოახერხა. ქართველმა ცენტრმა კარიერაში მეოთხედ და მიმდინარე სეზონში მეორედ – სასტარტო ხუთეულში ითამაშა. ბითაძეს სათამაშოდ მთლიანობაში 23 წუთი დაეთმო, რა დროშიც 7 ქულა, 9 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა.

მატჩი ინდიანაპოლისში გაიმართა და სან ანტონიოს გამარჯვებით – 109:94 დასრულდა. ინდიანელთა განაცხადში არ ყოფილან არც ნომინალური ცენტრი მაილს ტერნერი, რომელმაც ფეხის ტრავმა მიიღო და არც ლიეტუველი ფორვარდი დომანტას საბონისი. ეს ბითაძის შანსი იყო, რომელიც ქართველმა გამოიყენა და სოლიდური, 5 დაფარება მიითვალა, რასაც არცთუ ურიგო 9 მოხსნა მოაყოლა. აი, ქულები მეტი შეეძლო ჩაეგდო, რადგან თამაშიდან ნასროლი 7 ბურთიდან მხოლოდ 1 მოათავსა კალათში.

ბითაძემ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მან საკმაოდ კარგად ისროლა საჯარიმოები და 6 ცდიდან 5 გამოიყენა. მოედანზე მისმა უშუალო კონკურენტმა, სანანტონიოელთა ავსტრიელმა ცენტრმა, იაკობ პოელტლმა 16 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. 

26 მოგებითა და 31 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და უკვე სოლიდურად ჩამორჩება საპლეიოფო ზონაში მყოფ ბოლო გუნდ შარლოტს. შემდეგი მატჩი ინდიანას 22 აპრილს, შინ “ოკლაჰომასთან” ელის.