გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „მაიამი ჰიტთან“ ჩატარებული მძიმე შეხვედრის შემდეგ „მილუოკი ბაქსის“ ესტუმრა და 113:140 დამარცხდა.
ქართველ კალათბურთელს, ამჯერად 18 წუთი და 49 წამი ჰქონდა თავის გამოსაჩენად. ამ დროში მან 10 ქულა, 5 მოხსნა (2 დაცვაში, 3 შეტევაში) და 1 დაფარება დააგროვა. ბითაძემ შვიდიდან ოთხი ბურთი ჩააგდო საშუალოდან, პერიმეტრიდან სამჯერ ისროლა და ერთხელ ზუსტად. გოგამ ერთიდან ერთი საჯარიმოს სროლა გამოიყენა და მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ცენტრს მაშინაც მოუწია თამაში, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მას წინა შეხვედრებისგან განსხვავებით თავის გამოსაჩენად შედარებით უფრო მეტი დრო ჰქონდა, რაც გამოიყენა.
რაც შეეხება შეხვედრას, „მილუოკიმ“ პირველივე მეოთხედში გადაწყვიტა ყველაფერი, როცა მეტოქეს 48 ქულა ჩაუგდო და 24 ქულით გაექცა. საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 28 ქულითა და 14 პასით გაიფორმა. კარგი მატჩი ჰქონდა კრის მიდლტონსაც, რომლის ანგარიშზე 25 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასია, ორმაგი დუბლი გაიფორმა ბობი პორტისმაც, რომელმაც 18 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. „ინდიანადან“ საუკეთესო 22 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით დომანტას საბონისი იყო. ჯერემი ლემბმა 21 ქულა დააგროვა, კონნაუტონმა და მაკდერმოტმა 20-20.
გოგა ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 25 მარტს „დეტროიტის“ წინააღმდეგ გამართავს.