ბითაძის 12 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება – ორლანდომ 1 ქულით წააგო

ბითაძის 12 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება – ორლანდომ 1 ქულით წააგო

ვენდელ კარტერის ტრავმა გოგა ბითაძის ხუთეულში თამაშს ნიშნავს. ორლანდო მეჯიქის ძირითად ცენტრს მარცხენა ხელის ტრავმა აქვს და ოპერაცია გაიკეთა. მის რეაბილიტაცას 3 კვირა დასჭირდება და ეს გახლავთ დრო, რომელიც გოგა ბითაძეს მთავარი მწვრთნელისთვის საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად აქვს. ქართველი ცენტრი ამ შანსს იყენებს – პირველ მატჩში, რაც სასტარტოში იყო ორმაგ დუბლს პლუს 5 დაფარება მიითვალა, შემდეგ იყო საშუალო 7-ქულიანი მატჩი და ამჯერად გოგამ 12 ქულა მიითვალა. 

ორლნდო მეჯიქი ატლანტა ჰოუქსს შეხვდა და დასანანი მარცხი იწვნია – 119:120. ბითაძემ მოედანზე 21:29 წუთი გაატარა და 12 ქულას 5 მოხსნა და 2 დაფარებაც მიუმატა. ორლანდომ განსაკუთრებით კარგად მესამე პერიოდი ჩაატარა, რომელიც 9-ქულიანი უპირატესობით მოიგო. დრამატული კი ბოლო მეოთხედი გამოვიდა. მეჯიქი წინ 11 ქულით იყო, მაგრამ დარჩენილ დროში ჰოუქსმა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და მინიმალური ანგარიშით გამარჯვება.

საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 119:117 იყო ორლანდოს სასარგებლოდ, დეჯონტე მიურეიმ 3-ქულიანი ჩააგდო და სტუმრები დააწინაურა. დარჩენილ დროში საპირისპირო მხარეს პერიმეტრიდან სროლა პაოლო ბანკერომ მოასწრო, მაგრამ მიზანმა უმტყუნა – საბოლოოდ 120:119 ჰოუქსის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ბოლო მეოთხედში გოგა მოედანზე აღარ გასულა.

ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარს თამაშიდან 7-ჯერ შეუტია და 5-ჯერ ზუსტად, მისი 4 საჯარიმო სროლიდან კი მიზანს 2-მა მიაღწია. გოგამ ბურთი მეტოქის ფარზე 2-ჯერ, საკუთარზე კი 3-ჯერ მოხსნა.