ბითაძის 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 დაფარება დეტროიტთან მოგებულ მატჩში

ბითაძის 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 დაფარება დეტროიტთან მოგებულ მატჩში

მცირე პაუზის შემდეგ გოგა ბითაძემ მორიგი შედეგიანი თამაში წარმოგვიდგინა და მისმა გუნდმაც გამარჯვება იზეიმა. ორლანდო მეჯიქმა დეტროიტ პისტონსს უმასპინძლა და 123:91 გაანადგურა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მე-17 მატჩი ითამაშა.

ბითაძემ მოედანზე გატარებულ 27 წუთში 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა და თითქმის უბადლო სიზუსტით 13 ქულა შეაგროვა, რასაც 8 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი მოაყოლა. გოგას მოედანზე ყოფნის პერიოდში ორლანდომ დეტროიტს 26 ქულით აჯობა, რაც ფლორიდელთა გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ. 

რაც შეეხება ყველაზე შედეგიან მოთამაშეს, ორლანდოში გერმანელი ფრანც ვაგნერი გამოირჩა 27 ქულით, პაოლო ბანკერომ 24 ქულა ჩააგდო. დეტროიტის ლიდერ კეიდ კანინგემზე (21 ქულა) მეტად მიჩიგანელთა ძირითადი ცენტრის მონაგარია საინტერესო – ბითაძის უშუალო კონკურენტმა 23 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. ბითაძეს კი მხოლოდ 1 დაკარგვა ჰქონდა.

15 მოგებითა და 7 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. შემდეგი მატჩი გოგას გუნდს 11 დეკემბერს, შინ კლივლენდთან ელის.