მას შემდეგ, რაც გოგა ბითაძე ორლანდოს სასტარტო ცენტრი გახდა, ფლორიდულმა გუნდმა ნბა-ში ზედიზედ მეექვსედ მოიგო. მორიგი შეხვედრა მეჯიქმა არიზონაში, ფინიქსთან 109:99 მოიგო და ამ მატჩის ერთ-ერთი გმირი ქართველი ცენტრია. გოგა ბითაძემ სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა – მის ანგარიშზე 17 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასია. ეს გახლდათ ბითაძის მე-4 და ყველაზე უხვი ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ფლორიდელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 31 წუთი გაატარა და ფაქტობრივად უშეცდომოდ გაისარჯა. გოგამ თამაშიდან 8-ჯერ ისროლა, საიდანაც 7 სროლა ზუსტი იყო, მის ანგარიშზე 4-დან 3 გამოყენებული საჯარიმოცაა.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 32 ქულა ფრანც ვაგნერმა დააგროვა, 20 ქულა ჩააგდო ენტონი ბლექმა, ხოლო მათ შემდეგ გოგა ბითაძე იყო, რომლისთვისაც „ფინიქსთან“ მატჩი მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა.
15 მატჩის შემდეგ „ორლანდო მეჯიქს“ 9 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ქართველის გუნდმა ზედიზედ მეექვსედ მოიგო.