ბითაძის 26 ქულა, 10 მოხსნა და 5-დან მე-5 გამარჯვება ადრიატიკაში

ბითაძის 26 ქულა, 10 მოხსნა და 5-დან მე-5 გამარჯვება ადრიატიკაში

გოგა ბითაძე და მისი გუნდი ადრიატიკის ლიგაში შეუჩერებლები არიან. ევროპის ერთ-ერთ მოწინავე ჩემპიონატში 19 წლის ქართველს შემჩერებელი არ ჰყავს. ის მიმდინარე სეზონის თითქმის ყველა შეხვედრაში საუკეთესოა. ასე იყო მორიგ ტურშიც, რომელშიც ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” მონტენეგროში “მორნარი” 84:80 დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი ორმაგი დუბლით MVP-ის ტიტულს დაეპატრონა.

ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 30:19 წუთში 26 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ეს შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

5-დან 5 მოგებით “მეგა ბიმაქსი” ადრიატიკის ლიგას ანალოგიური შედეგის მქონე “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად ლიდერობს. მორიგ ტურში, 3 ნოემბერს ბითაძის გუნდი ბელგრადის “პარტიზანს” შეხვდება.