ინდიანა პეისერსმა, რომლის ღირსებასაც 21 წლის გოგა ბითაძე იცავს, ნბა-ში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. ინდიანელები დასავლეთ კონფერენცის საპლეიოფო ზონაში მყოფ მემფისს ესტუმრნენ და 132:125 დაამარცხეს. ქართველი ცენტრისთვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავისი ამერიკული კარიერის რეკორდულად ბევრი ქულა – 14) ჩააგდო, ეს ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი გახლდათ.
ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა დომანტას საბონისი. ახალგაზრდა ქართველი კი კვლავ სათადარიგოებს დაუბრუნდა, თუმცა ბოლო მატჩებში თავის გამოჩენა ბითაძეს დაუფასდა და მას სათამაშო დრო გაეზარდა. ამჯერად გოგამ 18 წუთი ითამაშა და ამ დროში 7 ქულა, 6 მოხსნა, ბევრისთვის საშური 5 დაფარება და 1 პასი მიითვალა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ინდიანელთაგან 34 ქულით საუკეთესო იყო კარის ლევერტი, ხოლო საბონისმა 18 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა. 25 მოგებითა და 27 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 14 აპრილს, შინ კლიპერსთან ელის.