გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ში 3-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და მორიგ შეხვედრაში სან ანტონიო სტუმრად 139:133 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა და ყველაფერი ოვერ-ტაიმში გადაწყდა, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 6 ქულით მოიგეს.
ქართველმა ცენტრმა კვლავ ნაყოფიერად გამოიყენა მისთვის დათმობილი სათამაშო დრო – 14:37 წუთი მაქსიმალურად გამოიყენა. ბითაძემ 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი არაზუსტად ისროლა. აღსანიშნავია, რომ გოგამ 3-ჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და იმ დროში, როდესაც მოედანზე იყო, ინდიანამ 19 ქულით მეტი ჩააგდო, ვიდრე სან ანტონიომ.
ინდიანაში კარის ლევერტი იყო გამორჩეული, რომელმაც 26 ქულა და 9 პასი დააგროვა, სან ანტონიოში კი საუკეთესო დემარ დეროზანი გახლდათ, რომლის ანგარიშზე 25 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი იყო.