ბითაძის მორიგი MVP-ის ტიტული და გამარჯვება ხორვატიაში

ბითაძის მორიგი MVP-ის ტიტული და გამარჯვება ხორვატიაში

გოგა ბითაძე ისევ საუკეთესოა და ერთმატჩიანი წაფორხილების შემდეგ მისმა გუნდმა კვლავ მოიგო. “მეგა ბიმაქსმა” ადრიატიკის ლიგა 5-დან 5 მოგებით დაიწყო და წინა ტურში, ქართველი ცენტრის დიდებული გარჯის (28 ქულა, 11 მოხსა, 4 დაფარება) მიუხედავად, პირველი მარცხი განიცადა. მორიგ ტურში ბიმაქსელები ხორვატიაში “ზადარს” შეხვდნენ და დრამატული მატჩი 84:80 მოიგეს.

ბითაძის გუნდი მთელი თამაში აგებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მებრძოლი სული და შედეგიანობა გამოავლინა, შეხვედრის დასკვნით 150 წამში 12:0 იმარჯვა და მატჩიც სათავისო შედეგით დაასრულა. ქართველმა ლეგიონერმა მე-2 ტაიმის სტარტზე მე-4 პერსონალური ფოლი მიიღო, თუმცა, დარჩენილ დროში მაქსიმალურად აკურატულად გაისარჯა და შეხვედრის ბოლომდე საქმეში იყო.

გოგამ მოედანზე მთლიანობაში 26:01 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა და 13 ქულას 11 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 3 დაფარება წაამატა. აღსანიშნავია, რომ ბითაძეს ბურთი არ დაუკარგავს, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“მეგა ბიმაქსს” ადრიატიკის ლიგში 7-ში 6 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 18 ნოემბერს, სლოვენიაში, კრკა-სთან ჩაატარებს.