“ბკ კიევმა” მარკოიშვილის 23 ქულით გაიმარჯვა

უკრაინის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმა” მორიგი საშინაო მატჩი 68:58 მოუგო “დონეცკს” და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ჩვენთვის სასიამოვნო კი ის ფაქტი უფროა, რომ კიეველთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა – მანუჩარმა დონეცკელებს 23 ქულა ჩაუგდო.
მარკოიშვილმა თითქმის შეუცვლელად, 38 წუთს ითამაშა და 23 ქულასთან ერთად 3 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
მანუჩარმა 8-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. დასკვნითი მეოთხედის წინ კიეველები ერთადერთი ქულით იგებდნენ, თუმცა, ბოლო ათწუთეულში 17:8 იმარჯვეს და სიტუაციის გამოსწორება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ დასკვნით 3 წუთში მანუჩარმა 7 ქულა მიითვალა.
სერიის მომდევნო მატჩებს კიეველები სტუმრად, დონეცკში 11 და 13 მაისს ჩაატარებენ. სერია 3 მოგებამდეა და თუკი მარკოიშვილის გუნდი გასვლაზე 1 გამარჯვებას მოიპოვებს, მოედნის უპირატესობას დაიბრუნებს და მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრას შინ ჩაატარებს.  თუკი უფრო მოიწადინებს და ორივეს მოიგებს, ფინალში გავა.

მარკოიშვილი დონეცკელთა გარემოცვაში