ბოისას და ელისის გუნდები კვლავ დამარცხდნენ

კვლავ წარუმატებელი გამოდგა პრიმერადივიზიონის მორიგი ტური საქართველოს ნაკრების კალათბურთელებისთვის. ვლადიმერ ბოისას “მენორკაც” და ტაირონ ელისის “კახასოლიც” ისევ დამარცხდნენ – სამი ტურის თავზე არც ერთმა მათგანმა არ იცის გამარჯვების გემო.
თუკი ელისის გუნდი უიმედოდ დამარცხდა, ბოისას “მენორკამ” დიდი ბრძოლა გაუმართა პრიმერდივიზიონის ერთ–ერთ მოწინავე “ხუვენტუდს”. ბოისას გუნდი შინ თამაშობდა და ქომაგებით შეგულიანებულმა ბოლომდე მედგრად იბრძოლა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში წაიფორხილა და 73:75 დამარცხდა.
 

ვლადიმერ ბოისა(#7) “ხუვენტუდთან” მატჩში
 
ბოისამ ხუთეულში დაიწყო თამაში და მოედანზე მთლიანობაში 19 წუთი გაატარა. მან მეტოქის ფარს 4–ჯერ შეუტია საშუალო დისტანციიდან და ერთი ჩააგდო. შესაბამისად, 2 ქულა მოაგროვა, რასაც თითო მოხსნა და პასიც მოაყოლა.
გაცილებით შედეგიანი იყო ტაირონ ელისი, მაგრამ ამით მის გუნდს რა ხეირი – “კახასოლი” 59:79 დამარცხდა სტუმრად “გრანადასთან”. ქართულპასპორტიანი ამერიკელი თავის გუნდში ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ელისმა მოედანზე 34 წუთი დაყო და 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მომდევნო ტურში, 19 ოქტომბერს, “მენორკა” სტუმრად “მურსიას” შეერკინება, ხოლო “კასახოლი” “ბრუესას” უმასპინძლებს.