ბულაშვილის 3-ქულიანით რუსთავმა თსუ 82:79 დაამარცხა

ბულაშვილის 3-ქულიანით რუსთავმა თსუ 82:79 დაამარცხა

დაძაბული, დრამატული და ემოციებით სავსე მატჩს რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზმა უმასპინძლა. სუპერლიგის სატურნირო ცხრილში გვერდი-გვერდ მყოფი, თანაბარი ქულების მქონე გუნდები ერთმანეთს გამარჯვების მოსაპოვებლად შეასკდნენ. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთავმა ლექსო ლაფანაშვილის თსუ-ს უმასპინძლა და საფინალო სირენის გაჟღერებამდე 4 წამით ადრე ლუკა ბულაშვილის სამქულიანის წყალობით 82:79 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. უნივერსიტეტელებმა ლამის შეუძლებელი შეძლეს. ბოლო პერიოდში 11-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს, მატჩის დასრულებამდე 24 წამით ადრე ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა ბულაშვილის ოქროს სამქულიანი მიიღეს და …

თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს. გუნდური და რაც მთავარია, სწრაფი თამაშით რუსთაველებმა მეტოქე 14 ქულით – 60:46 დაწინაურდნენ. გუგა პატაშური და აივერი დიგსი ფარქვეშ, ხოლო პერიმეტრიდან ტრეი კროფტი, ლუკა ბულაშვილი და რევაზ როგავა მეტოქეს მაქსიმალურად ავიწროებდნენ, ქულას ქულაზე იხვეჭდნენ. ლაფანაშვილმა წუთშესვენებითა და თამაშის გადაწყობით მოახერხა მასპინძლების შეტევების განეიტრალება და ბოლო პერიოდს 9-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდა.

თსუ არ ნებდებოდა და ჩამორჩენას ნელ-ნელა კვეცავდა. ხან გიორგი ცინცაძე გაისროდა შორიდან ზუსტად, ხან ბრაიან დოუსონი და ანგარიშში სხვაობა 4-8 ქულის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო წუთებზე მოვლენები დრამატულად განვითარდა, რუსთაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა, ტრეი კროფტმა სამქულიანი ააცილა, ბექა ბექაურმა კი სწრაფ შეტევაში ჩააგდო და დასრულებამდე ზ40 წამით ადრე ბექაურმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეკვეცა – 77:79. 

თსუ-მ პრესინგს მიმართა და დოუსონმა ლევან ბაბილოძეს ჩაუჭრა, სწრაფი შეტევა კი გიორგი ცინცაძემ საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე, გამთანაბრებელი ორქულიანით დააგვირგვინა. რუსთაველებმა სწორი ტაქტიკით ითამაშეს, შეტევისთვის განკუთვნილი დრო ბოლომდე ამოწურეს და სასროლ პოზიციაზე გასულმა ბულაშვილმა სამქულიანი ჩააგდო – 82:79. თსუ-ს შესატევად 4 წამი დარჩა, წუთშესვენებაზე შეტევაც დაგეგმა, მაგრამ რუსთაველთა მჭიდრო დაცვის ფონზე მიხეილ ბერიშვილის სამქულიანი მიზანს ასცდა.

რუსთაველთაგან 19 ქულით ბომბარდირი გუგა პატაშური გახდა. 17-17 ქულა ლუკა ბულაშვილმა და ტრეი კროფტმა მიითვალეს. ეივერი დიგსის ანგარიშზე კი 9 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 18 ქულა დააგროვა მიხეილ ბერიშვილმა, ხოლო გიორგი ცინცაძემ შეხვედრა 10 ქულითა და 11 პასით დაასრულა.