ბულგარეთის ნაკრებში ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ერლ კალოუეი არ ითამაშებს. ბულგარეთის ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი გასული წლის აგვისტოში ორჯერ დაუპირისპირდა საქართველოს ნაკრებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერაფერი გააწყო და მისი ბულგარეთი წაგებული გამოვიდა. ბულგარეთი საქართველოს მომავალ 5 აგვისტოს კვლავ შეხვდება, ამჯერად ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე.
ბულგარეთი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როსენ ბარჩევსკიმ განაცხადა, რომ არჩევანს ორ უკანახაზელს – იბრაჰიმ ჯააბერსა და ერლ როულანდს შორის გააკეთებს. ორივე ამ კლათბურთელს ბულგარული პასპორტი აქვს და ბულგარეთის ნაკრებშიც უთამაშიათ. თუმცა ბარჩევსკიმ ტანმაღალი ბულგარულპასპორტიანი ამერიკელის – ჯარედ ჰოუმანის სახელიც ახსენა.
„უკანა ხაზში არჩევანის გაკეთება იბრაჰიმ ჯააბერსა და ერლ როულანდს შორის მოგვიწევს, რადგანაც ერლ კალოუეი ტრავმებმა გატანჯეს და ფორმაში ვერაა. არ უნდა დავივიწყოთ ასევე კიდევ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი ჯარედ ჰოუმანი, რომელმაც მძლავრი სეზონი ჩაატარა – თანაც, ჩვენი ტანმაღალი მოთამაშეების გამოცდილება არადამაკმაყოფილებელია. მე ჯერაც ვფიქრობ, თუ რომელს ჩავსვავ ევროსაჩემპიონატო შემადგენლობაში“.
ამ სამივე ამერიკელში ყველაზე მაღალი დონის მოთამაშე იბრაჰიმ
ჯააბერია. გასულ, პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთი რომ გავიდა, უპირველესად ჯააბერის დამსახურება იყო. შესარჩევ ეტაპზე ამერიკელი კალათბურთელი ბულგარელთა ლიდერი იყო საშუალოდ მოგროვებული 16 ქულით, 5,1 მოხსნით და 3,5 პასით.
თუმცა ჯააბერი აღმსარებლობით მუსლიმია და როგორც ჩანს, საკმაოდ პურიტანიც: 2009 წელს პოლონეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი მუსულმანთა ერთ–ერთ ისეთ დღესასწაულს ემთხვეოდა, როცა მორწმუნეები საკვებს მთელი დღის განმავლობაში არ იღებენ და მაშინ იკვებებიან, როცა მზე ჩავა. ასეთ რეჟიმში მყოფი ჯააბერი ბულგარელებს ევროპის ჩემპიონატზე, ცხადია, არ გამოადგებოდათ და მათ იგი სწორედ ერლ როულანდით შეცვალეს. როულანდი პოლონეთში კი იყო ბულგარელთა ბომბარდირი, მაგრამ სლავებმა ჯგუფში სამივე მატჩი უშანსოდ წააგეს.
ერლ როულანდი