იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია სტუმრად შეხვდა ბოლოადგილოსან ბექა ბურჯანაძის ‘რეჯიო ემილიას”. შესაბამისად, ერთი ამპლუის ქართველი კალათბურთელები მოედანზე ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ქართული დერბი არ შედგა. გამომდინარე იქიდან, რომ მეტოქე აუტსაიდერი იყო, ბოლონიელებმა შენგელია დაასვენეს (და სწორიც ქნეს). შეხვედრა ვირტუსმა მაინც დამაჯერებლად – 74:63 მოიგო.
ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 13 წუთი გაატარა, რა დროიც 5 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან ხუთივე სროლა ააცილა, სამაგიეროდ, 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბოლონიას 15 მოგება მოუგროვდა და იტალიის ჩემპიონატს მილანთან ერთად ლიდერობს, რეჯო ემილია კი 5 გამარჯვებით ბოლო ადგილზეა. მე-20 ტურში, 5 მარტს, ვირტუსი ტორტონას უმასპინძლებს, ხოლო რეჯო ემილია ვერონას ესტუმრება.