ბურჯანაძის 12 ქულა და კორუნა ბასკეტის გასვლითი გამარჯვება

ბურჯანაძის 12 ქულა და კორუნა ბასკეტის გასვლითი გამარჯვება

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან თავის კლუბში დაბრუნებულმა ბექა ბურჯანაძემ შედეგიანად ითამაშა. ესპანეთის რანგით მე-2 ლიგაში მისმა “კორუნა ბასკეტმა” გასვლითი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ქართველი ლეგიონერი გუნდს დიდად დაეხმარა. კორუნა ბასკეტი სტუმრად “კლავიხოს” ეთამაშა და 94:88 დაამარცხა.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 25 წუთი გაატარა. მასზე მეტი კორუნელთაგან მხოლოდ სამმა კალათბურთელმა ითამაშა. ბექამ 2-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მონაგარმა მთლიანობაში 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი შეადგინა. სარგებლიანობის ინდექსით ქართველი ფორვარდი თანაგუნდელთაგან მხოლოდ 3 კალათბურთელს ჩამორჩა. 

ამავე ტურში დამარცხდა ლიგის ლიდერი ესტუდიანტესი, რომელმაც მოულოდნელად შინ 20 ქულით დათმო შეხვედრა ბურგოსთან. კორუნა ბასკეტს და ესტუდიანტესს თანაბარი ქულები – 18 მოგების წილ 5 მარცხი აქვთ და ცხრილის სათავეში ერთად იმყოფებიან. მორიგ ტურში სწორედ ეს გუნდები შეერკინებიან, რაც შინ მოთამაშე ბურჯანაძის გუნდისთვის გალიდერების კარგი შანსია.