ბექა ბურჯანაძის გუნდმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. იტალიური რეჯიო ემილიამ თურქულ ქარშიაქას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 74:70 დაამარცხა. ემილიელები B ჯგუფში 3 ტურის შემდეგ 1 მოგება ჰქონდათ და ლიდერს მასპინძლობდნენ. 4-გუნდიანი ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის და ეს მატჩი რომ წაეგო, ბურჯანაძის გუნდს დარჩენილ 2 ტურში სასწაული თუ უშველიდა. ახლა კი, ქარშიაქას დამარცხების შემდეგ, 2-2 მოგებ-წაგებით თურქულ გუნდთან ერთად ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქულა ვერ მოიპოვა, მოედანზე საკმაოდ დიდი დრო გაატარა – 19:38 წუთი ითამაშა და სამივე ღირებულების სროლა 2-2-ჯერ ააცილა. ბურჯანაძემ 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ერთი ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს. გამარჯვებულებს ოსვალდას ოლისევიჩუსმა 18 ქულით ულიდერა. ნეიტ რუვერსმა კი 16 ქულა მიითვალა.
შემდეგ ტურში, 7 დეკემბერს, რეჯიო ემილია ათენში აეკ-ს შეხვდება.