ჩიკვილაძემ “პეიშეგალეგო” ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრების უკანახაზელ ბექა ჩიკვილაძის „პეიშეგალეგო“ ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ქართველი უკანახაზელის გუნდი ნელა და მეთოდურად მიიწევდა ფინალისკენ – ჯერ საკუთარი რეგიონის, გალისიის შესარჩევი ბარიერი დაძლია, ახლა კი სრულიად ჩრდილო ესპანეთის საკვალიფიკაციო შეჯიბრიც მოიგო, რაც ამ გუნდისთვის ისტორიული მიღწევაა და რაშიც ჩიკვილაძის დამსახურება უდიდესია.
ჩრდილო ესპანეთის შესარჩევ ტურნირს ხიხონმა უმასპინძლა, სადაც „პეიშეგალეგოსთან“ ერთად კიდევ 4 გუნდი შეიყარა – „ვალიადოლიდი“, „ლუგო“, „კოლეხიო“ და „კანტაბრია“. ჩიკვილაძის გუნდმა ყველა მეტოქის დამარცხება შესძლო და ფინალური ეტაპის საგზურთან ერთად ჩრდილო ესპანეთის საუკეთესო გუნდის ტიტულიც მოიპოვა.
პირველ მატჩში „პეიშეგალეგო“ „ლუგოს“ შეხვდა და 74:60 დაამარცხა. ჩიკვილაძემ ამ შეხვედრაში 20 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო მომდევნო მატჩში „კანტაბრიას“ 15 ქულა ჩაუგდო და 10 ბურთი მოხსნა.
ამ გამრჯვებების შემდეგ დადგა გატამწყვეტი მატჩების ჯერი – „პეიშეგალეგომ“ „ვალიადოლიდს“ შანსი არ დაუტოვა და 93:65 დაჯაბნა. ქართველი უკანახაზელი საუკეთესო იყო 25 ქულითა და 8 მოხსნით. ბოლო შეხვედრაში ჩიკვილაძის გუნდმა ყველაზე უხერხული მეტოქე „კოლეხიო“ 86:70 დაამარცხა და ქართველმა კალათბურთელმა 27 ქულასთან ერთად 8 მოხსნაც მოიხვეჭა.
საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ქართველი უკანახაზელი თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა – ის საშუალოდ 22 ქულას აგროვებდა ხიხონის ტურნირზე.
„პეიშეგალეგოს“ ახლა ესპანეთის 18–წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მოუწევს თამაში, რომელიც 19–24 მაისს ბასკურ ვიტორიაში გაიმართება.
ჩიკვილაძეს პაექრობა მოუწევს საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებში თავის თანაგუნდელებთან – თორნიკე შენგელიასთან (პამესა) და გრიგოლ შვანგირაძესთან (ტენერიფე).