ჩრდილოელი ჟურნალისტები საქართველოს ზვერვას განაგრძობენ

ჩრდილოელი ჟურნალისტები საქართველოს ზვერვას განაგრძობენ

ჩვენს ვებ–გვერდზე არსებულ რუბრიკა „ოვერტაიმში“ 7 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. სხვადასხვა საინტერესო თემებთან ერთად ცინცაძე ეხმაურებოდა რუსი ჟურნალისტის შეფასებებს, რომელიც სლავმა საკალათბურთო მიმომხილველმა ჩვენი ნაკრების და მისი მოთამაშეების შესახებ გააკეთა პორტალ sports.ru-ზე. კერძოდ, აი, რა თქვა მაშინ ცინცაძემ:
 
„როგორ ჩანს,  სტატიის ავტორს ჩვენი შარშანდელი თამაშები ჰქონდა ნანახი, სადაც მე აშკარად არ  ვიყავი  ფორმაში. 5 თვე არც ერთ გუნდში არ ვირიცხებოდი. პლუს ტრავმა მაწუხებდა და ჩემი შესაძლებლობების ნახევრის ნახევარსაც ვერ ვავლენდი. რაც შეეხება, იმას რომ მოედნის ხედვა არ მაქვს, ამაში ვერ დავეთანხმები. ჩემი პლუსი სწორედ მოედნის ხედვაა. ასევე ვერ გავიზიარებ იმ აზრს (და არა მარტო მე), რომ სანიკიძეს ტექნიკა აკლია, ან მსროლელი არ გვყავს. მანუჩარ მარკოიშვილის დონის მსროლელი რუსებს ნამდვილად არ ჰყავთ“.  (სრული ინტერვიუს სანახავად დააჭირეთ აქ)
 
როგორც ჩანს, რუსი ჟურნალისტი კოსტანტინ კუჩერი აქტიურად ათვალიერებს ქართულ საიტებს და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა არ იცის, რაღაცნაირად ახერხებს საკალათბურთო სტატიების დედაარსის გაგებას. მან ამ დღეებში ისევ დაწერა სტატია ქართველებზე, სადაც ძირითადად გიორგი ცინცაძის ინტერვიუზე ილაპარაკა. აი, რა დაწერა ბატონმა კუჩერმა:
 
“იანვრის ბოლოს ევროპის ჩემპიონატის წილისყრა შედგა. ჩემი აზრით ყველაზე ამოუცნობი მეტოქე საქართველოს ნაკრებია. მისი გაცნობის შესახებ თავი მოვუყარე ვრცელ მასალას და გადავწყვიტე ჩემი შთაბეჭდილებები სტატიის სახით გადმომეცა. ვფიქრობ, კარგი სტატია გამომივიდა, თუმცა განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ მოჰყოლია – ინტერნეტ-ვერსიას ბევრი კომენტარი არ დართვია, არც პლუსებით შეუფასებია ბევრს. მივხვდი, რომ ასეთი ღრმა შინაარსის პუბლიკაციებისთვის დრო ჯერ არ მოსულა და გადავწყვიტე სხვა მეტოქეებზე ნაშრომის დაწერა შორეული მომავლისთვის გადამედო.
 

გიორგი ცინცაძე რუსეთთან მატჩში (სან ჯორჯიოს (იტალია) ტურნირი, 2004)
 
თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამ სტატიამ რუსებზე მეტად ქართველები დააინტერესა. ერთ-ერთ ქართულ საიტზე ჩემი ნაშრომი მთლიანად იყო ნათარგმნი და რამდენიმე დღის განმავლობაში განსჯის მთავარ თემადაც ქცეულიყო. იმ საიტზე 100-ზე მეტი კომენტარიც იყო და, როგორც აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების კალათბურთელებსაც წაუკითხავთ. გიორგი ცინცაძემ ქართულ საიტზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ  ჩემს რამდენიმე მოსაზრებას არ ეთანხმება: არ მოეწონა, იმის წაკითხვა, რომ საქართველოს ნაკრებში სნაიპერთა ნაკლებობაა. არც იმას დაეთანხმა, სანიკიძეს ტექნიკაში გარკვეული წუნი რომ დავდე. ცინცაძე ასევე არ დაეთანხმა მისი თამაშის ჩემეულ რეცენზიას…
 
სამწუხაროდ, ქართული ენა არ ვიცი, ხოლო ინტერნეტში ნათარგმნის მიხედვით ვერ მივხვდი, რა ტონალობაში ილაპარაკა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა. არ დაგიმალავთ, ჩემთვის არანაკლებ საინტერესო იქაური გულშემატკივრების შეხედულებებია. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ათასგვარი კომენტარი წავიკითხე, ზოგი მეთანხმება, ზოგი – არა.
 
ასეა თუ ისე, ამ მოვლენებიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე: ქვეყანაში, სადაც შიდა ჩემპიონატი სუსტია, კალათბურთისადმი ინტერესი უმაღლეს დონეზეა. შეიძლება მან აბსოლუტურ ციფრებში გაუწიოს კონკურენცია შიდარუსულ ინტერესს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოსთან მატჩის საშიშროებას. რუსეთისთვის ხომ ეს შეხვედრა ერთ-ერთი რიგითი იქნება, ქართველებისთვის კი – ჩემპიონატის მთავარი მოვლენა. გაგვიჭირდება…“