ჩვენი მეტოქეები: ინტერვიუ უკრაინის ახალ მწვრთნელ მაიკ ფრატელოსთან
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქეს – უკრაინის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. 2 კვირის წინ ცნობილი ამერიკელი მწვრთნელი მაიკ ფრატელო უკრაინელთა გაწვრთნას დათანხმდა, 2 დღის წინ კი მან ოფიციალურად დაიკავა მთავარი მწვრთნელის პოსტი. უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვოლკოვმა ფრატელო კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს წარუდგინა. ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო კითხვები ვთარგმნეთ და ქვემოთ გთავაზობთ…
პრესკონფერენცია კიევში: უკრაინის კალათბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი
ვალერი კონდრატიევი, მაიკ ფრატელო და ალექსანდრ ვოლკოვი
– ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო ალექსანდრ ვოლკოვის შემოთავაზება – განაცხადა ფრატელომ – „ატლანტა ჰოუქსში“ ერთად მუშაობის დროიდან ის ჩემთვის როგორც შვილი, ისეა. ჩვენი ოჯახები ახლობლობენ და არ შემეძლო, მისთვის უარი მეთქვა. აქამდე არასდროს გამიწვრთნია ევროპული გუნდი, თუმცა ევროპელ კალათბურთელებთან მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს. სხვადასხვა დროს ჩემს ხელქვეით თამაშობდნენ ვოლკოვი, პოტაპენკო, ილგაუსკასი, გასოლი… ასევე მჭიდრო კავშირები მაქვს ალექსანდრ გომელსკისთან, ის მე ამერიკაშიც მსტუმრობდა. უკრაინის ნაკრებთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი.
– რამდენწლიანია თქვენი კონტრაქტი?
– მე არ მჭირდება კონტრაქტი. ამ ეტაპზე ვოლკოვთან შეთანხმებაც საკმარისია. ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვუხელმძღვანელებ, მერე კი – ვნახოთ.
– როდის და როგორ შემოგთავაზეს უკრაინის ნაკრების გაწვრთნა და ფინანსურის გარდა, რა დაინტერესება გაქვთ?
– თავიდან მე და საშა (ალექსანდრ ვოლკოვი) უბრალოდ ვსაუბრობდით იმის შესაძლებლობაზე, რომ მე გამეწვრთნა ნაკრები. ნელ–ნელა საუბრებმა უფრო მეტი კონკრეტიკა შეიძინა. განვიხილავდით ჩემს მუშაობას ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდსა და მისი მსვლელობისას. კოლეგებს რჩევა ვთხოვე და მათ დამარწმუნებს, რომ უკრაინაში მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნებოდა. მე ხომ საერთაშორისო ტურნირებზე არასდროს გამიყვანია გუნდი.
– ჩახედული ხართ თუ არა უკრაინულ კალათბურთში და როგორი იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები ნაკრებში?
– ალალად გეტყვით: მე ჯერ ბერვი არაფერი ვიცი უკრაინულ კალათბურთზე. უკვე მაქვს ნაკრების თამაშების ჩანაწერები, ვფლობ ინფორმაციას კანდიდატთა შესახებ. თუმცა ჩემთვის მთავარია, მოთამაშეები ცოცხლად ვნახო. მაინტერესებს როგორც ფიზიკური კონდიციები, ასევე მათი აზროვნებაც. ამის გაგების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, მუშაობას შევუდგე. ვიცი, რომ ვოლკოვს სურს, შეიქმნას ისეთი ერთიანი სისტემა, რომელიც ყველა ასაკობრივ ნაკრებთან მუშაობისთვის გამოგვადგება. ეს საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდა მოთამაშეები უმტკივნეულოდ შეერწყან ეროვნულ ნაკრებს.
– ცნობილია, რომ თქვენ კურირებას გაუწევთ უკრაინის სტუდენტურ ნაკრებსაც, რომელიც ჩინეთში მსოფლიო უნივერსიადაზე უნდა გამოვიდეს…
– შესაძლებლობის ფარგლებში მე კონსულტაციას გავუწევ სტუდენტური ნაკრების მწვრთნელს. ამ გუნდში მოხვდებიან 25 წლამდე მოთამაშეები, რომლებიც არ არიან ეროვნული ნაკრების წევრები. ვფიქრობ, მოთამაშეებისთვის, რომლებსაც ჯერ ბოლომდე არ უთქვამთ თავიანთი სიტყვა, ეს კარგი შანსია, დააგროვონ სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება. კევინ დურანტი ამერიკის მეორე ნაკრების წევრი იყო, თუმცა ის დღეს ნბა–ს სუპერვარსკვლავი და ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშეა. ამერიკის ნაკრებმა წარმატებას ლებრონ ჯეიმსის, კობი ბრაიანტის, დუეინ ვეიდის გარეშე მიაღწია. თურქეთში ვინც ოქროს მედლები მოიგეს, ის ამერიკელი მოთამაშეები უკვე საბოლოოდ დაღვინდნენ და საერთაშორისო პრაქტიკაც შეიძინეს.
– ვინ შევა თქვენს სამწვრთნელო შტაბში?
– დღესდღეობით არაა ცნობილი ჩემი ასისტენტების ვინაობა, თუმცა უახლოესი დღეებიდან შევუდგები ამ საკითხზე მუშაობას. მომავალ სეზონში ნბა–ში მოსალოდნელია ლოკაუტი და ვეცდები, დავითანხმო ჩემთვის საინტერესო მწვრთნელები უკრაინაში მუშაობაზე.
– უკრაინელი მწვრთნელებიდან ვინ იქნება თქვენს გუნდში?
– ამაზეც ადრეა საუბარი. გვარები რომ დავასახელო, ისინი ამის შესახებ თქვენი გაზეთიდან შეიტყობენ. ეს კი, დამეთანხმებით, არაა მთლად ლამაზი. თავდაპირველად მოლაპარაკებებს გავმართავ, შემდეგ კი შესაძლებელია თანამშრომლობაზე ლაპარაკიც.
– აკვირდებოდით თუ არა ნბა–ში მოთამაშე „იუტა ჯაზის“ ცენტრ კირილე ფესენკოს?
– ვაკვირდებოდი და საკმაოდ ხშირადაც. „იუტას“ ძირითადი ცენტრის, მეჰმედ ოქურის ტრავმის პირობებში ფესენკოს კარგი შანსი აქვს, საკუთარი ძალა დაამტკიცოს და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს. თუმცა ბოლო ხანებში „იუტაში“ არეულობაა. გუნდი ღვაწლმოსილმა მწვრთნელმა ჯერი სლოუნმა და წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს. თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნბა–ს სეზონის დასრულების შემდეგ კირილე ნაკრებში დროულად და კარგ სპორტულ ფორმაში ჩამოვიდეს.
– ნბა–დან ერთი მოთამაშის მოწვევის საშუალება რომ გქონდეთ, უკრაინის ნაკრებში რომელს ჩამოიყვანდით?
– და არ შეიძლება რამდენიმე? თუ მხოლოდ ერთი? ძალიან რთული კითხვაა. ჯერ საჭიროა, გავარკვიო, რა პოზიციის მოთამაშე სჭირდება ყველაზე მეტად უკრაინას. თუკი უკანახაზელი დაგვჭირდება, ჩიკაგოელ დერიკ როუზს ავიყვანდი. ფორვარდის შემთხვევაში ულაპარაკოდ ლებრონ ჯეიმსზე შევაჩერებდი არჩევანს, ხოლო ცენტრად დუაიტ ჰოვარდს ვისურვებდი – ის უნივერსალური მოთამაშე და ძალიან კარგი პიროვნებაა.
– ნბა–ში უკრაინელ მოთამაშეთა ურთიერთობის შედეგად უკრაინული ან რუსული სიტყვები ხომ არ შეგისწავლიათ?
– რამდენიმე სიტყვა კი ვისწავლე, თუმცა არა მგონია, მათი ახლა წარმოთქმა კარგი იდეა იყოს. ვეცდები, უახლოეს პერიოდში ჩემი ცოდნის მარაგი გავაღრმავო და მაშინ გესაუბრებით. ამ თემასთან დაკავშირებით კი ერთი კურიოზი გამახსენდა და მოგიყვებით: როცა ლიტველი ცენტრი ჟიდრუნას ილგაუსკასი ნბა–ში პირველად ჩამოვიდა, ის ჩემს გუნდ „კლივლენდში“ თამაშობდა. სანამ საკუთარ სახლში გადავიდოდა, ის გუნდის წევრ ბობ სურასთან ერთად ცხოვრობდა. ილგაუსკასმა ინგლისური საერთოდ არ იცოდა, რითაც ცბიერმა ბობმა ისარგებლა და „ჟიდროს“ ცუდი სიტყვები ასწავლა. მალე ამერიკელთათვის ერთ–ერთი გამორჩეული დღესასწაული, მადლიერების დღე მოვიდა და გუნდის წევრებმაც, ცხადია, ერთად აღნიშნეს. ისე მოხდა, რომ ილგაუსკასი სუფრასთან ბობ სურას დედას გვერდზე მოხვდა. ლიტველს კარტოფილი მოუნდა და ქალბატონს სთხოვა, კერძი მისთვის გადაეწოდებინა, თან უწმაწური ზმნაც დააყოლა. სურას დედა მოულოდნელობისგან გაშრა და ილგაუსკასს ჰკითხა, ვინ გასწავლა ასე ლაპარაკიო, რაზეც ლიტველმა მშვიდად უპასუხა: „თქვენმა შვილმა“.
– რა ამოცანა იქნება უკრაინის ნაკრების წინაშე ევროპის ჩემპიონატზე? – ეს კითხვა ალექსანდრ ვოლკოვს დაუსვეს.
– პირველ რიგში, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. ამის შემდეგ ვეცდებით, მეორე საკითხი გადავწყვიტოთ: მოვიპოვოთ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზური. ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხებთ საუკეთესო უკრაინელი მოთამაშეების შეკრებას, ხოლო მაიკ ფრატელოს გამოცდილება მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.