დავით უსტიაშვილი: ეროვნული ნაკრების კანდიდატები ამხანაგურ მატჩებში გამოიცდებიან

დავით უსტიაშვილი: ეროვნული ნაკრების კანდიდატები ამხანაგურ მატჩებში გამოიცდებიან

ახლოვდება საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრების დღე – 24 ივლისი. იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთის მოსამზადებელ ეტაპს ავსტირიაში დაიწყებს, საიდანაც სხვადასხვა ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც) გადავა და მთლიანობაში 12 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამ შეკრებაზე უნდა შეირჩეს ის 14 მოთამაშე, რომელიც ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე წავა. ცხადია, ჩვენი ნაკრების ქომაგებს აინტერესებთ, თუ რა როგორ იქნება და ამ საკითხებთან დაკავშირებით მივმართეთ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ასისტენტს, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცს, დავით უსტიაშვილს
 

 
– როდის გაირკვევა ის შემადგენლობა, რომელიც 24 ივლისს ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში შეიკრიბება?
– შემადგენლობა გაფართოებული იქნება, მაგრამ კონკრეტულ გვარებს ჯერ ვერ დავასახელებთ.   ყველა კანდიდატი ჯერ არაა შერჩეული.
– როდის შეირჩევა საბოლოოდ?
– ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან მიმდინარეობს კონსულტაციები ნაკრების შეკრებაზე წამსვლელ შემადგენლობასთან დაკავშირებით. შეკრების დაწყებამდე მათი ვინაობა ცნობილი იქნება. ამ საკითხზე სეზონის დასრულების შემდეგ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ.
– რამდენი კალათბურთელი იქნება თავდაპირველად გამოძახებული?
– რაოდენობა გასნაზღვრული არაა. რამდენი კალათბურთელიც დაგვჭირდება, რამდენიც დაიმსახურებს, შეკრებაზეც ის იქნება. გეტყვით, რომ გასული წლის ძირითადი შემადგენლობიდან თორმეტივე კალათბურთელი იქნება ამ შეკრებაზე გამოძახებული. ამათ დაემატებიან სხვა კანდიდატებიც.
– შეკრება 24 ივლისს იწყება და უკვე 12 დღეში საქართველოს ნაკრებს პირველი ამხანაგური მატჩი ელის. ეს პერიოდი საკმარისი იქნება ძირითადი შემადგენლობის შესარჩევად?
– ამხანაგური მატჩები სწორედ იმისთვისაა, რომ ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიოთ. ვარჯიშებზე ნაჩვენები შედეგებით არ შევარჩევთ ნაკრების წევრებს. მთავარია, მატჩებზე ვინ როგორ წარმოაჩენს თავს. ვინ როგორ აუღებს ალღოს მწვრთნელის ტაქტიკას, კომბინაციებს. გავმართავთ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას და საბოლოოდ ოპტიმალურ შემადგენლობასაც შევარჩევთ.
– ტრავმირებულ ტორინ გრინზე რა ინფორმაციას ფლობთ?
– გრინის შესახებ ჯერ გაურკვევლობაა. არ ვიცით, შესძლებს თუ არა ტრავმის მოშუშებას, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ის საქართველოს ნაკრებს დაეხმარება.
– თუ ვერ დაეხმარა, მის ნაცვლად ვინ იქნება ნაკრებში?
– გრინი ნაკრებისთვის საკვანძო ფიგურაა, მისი შეცვლა რთული იქნება. არ ვფიქრობთ, რომ ის დაგვაკლდება, მაგრამ თუკი მაინც ასე მოხდა, მის ნაცვლად ნაკრებში სხვა ნატურალიზებული უკანახაზელი ითამაშებს.
– ტაირონ ელისი?
– წინასწარ ვერაფერს გეტყვით.
– ეროვნული ნაკრების შეკრებამდე ახალგაზრდულ ნაკრებთან იქნებით, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას სწორედ 24 ივლისს ამთავრებს. დაიხმართ თუ არა ახალგაზრდულში თორნიკე შენგელიას?
– წლეულს ახალგაზრდული ჩემპიონატი არ ემთხვევა ეროვნული ნაკრების შეკრებას. გასულ წელს კი თორნიკე შენგელია მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე დაეხმარა 20–წლამდელებს, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა. ახლა კი ის ასწრებს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბოლომდე თამაშს, რის შემდეგაც ორივენი ერთად ეროვნული ნაკრების შეკრებაზე, ავსტრიაში გავემგზავრებით.
 

 
ეროვნული ნაკრების შეკრების და ამხანაგური მატჩების განრიგი
 
• 24 ივლისი – 4 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება შტაინბრუნში, ავსტრია• 30 და 31 ივლისი – საერთაშორისო ამხანაგური მატჩები ავსტრია-საქართველო• 5-7 აგვისტო – საერთაშორისო ტურნირი ტალინში, ესტონეთი, მონაწილეობენ: საქართველო, ესტონეთი, შვედეთი, NСAA- ს კლუბი• 8-11 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება შტაინბრუნში, ავსტრია• 12-14 აგვისტო – საერთაშორისო ტურნირი ალმერეში, ჰოლანდია, მონაწილეობენ: საქართველო, ჰოლანდია, ისრაელი, NСAA- ს კლუბი• 15-20 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება თბილისში• 16 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველო-ისრაელი, თბილისის სპორტის სასახლე• 22 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლატვია-საქართველო, რიგა, ლატვია • 24 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლატვია-საქართველო, შაულიაი, ლიტვა• 27 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლიტვა-საქართველო, ვილნიუსი, ლიტვა• 28-30 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება კლაიპედაში, ლიტვა