დელტამ გურჯაანში ბათუმი დაამარცხა და სატურნირო ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა

დელტამ გურჯაანში ბათუმი დაამარცხა და სატურნირო ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა

სუპერლიგის მე-7 ტური დასრულდა. ერთი მატჩი, რომელშიც ქუთაისს ვსა-სთვის უნდა ემასპინძლა, გადაიდო და მოგვიანებით გაიმართება. ტურის დასკვნითი შეხვედრა კი გურჯაანში გაიმართა, სადაც ერთმანეთს დელტა და ბათუმი შეხვდნენ. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით – 82:76 (სტატისტიკა) დასრულდა რის შემდეგაც ისედაც მჭიდრო სატურნირო ცხრილი კიდევ უფრო შემჭიდროვდა.

ამ შეხვედრამდე აჭარულ გუნდს 3 მოგება და 2 მარცხი ჰქონდა, კახურს კი 2 მოგება და 4 წაგება. თუ არ ჩავთვლით დაუმარცხებელ თსუ-ს, ყველა დანარჩენი გუნდი თითქმის თანაბარი შედეგებითაა, რომელთა შორისაც სხვაობა 1-3 ქულაა. შესაბამისად, გურჯაანელთა გამარჯვებამ გუნდებს შორის ბალანსი კიდევ უფრო მჭიდრო გახადა. თავად განსაჯეთ: მე-3 და ბოლო (მე-11) ადგილებზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. და ეს საინტერესო სეზონზე მიანიშნებს – ჯერ ხომ პირველი წრეც არ დასრულებულა. 

გურჯაანში ჩატარებულ შეხვედრას რაც შეეხება, დაძაბულად, საინტერესოდ და სწრაფ ტემპში ჩაიარა. ლიდერი 6-ჯერ შეიცვალა, თუმცა 23-ე წუთის შემდეგ ეს აღარ მომხდარა. მასპინძლებმა ლიდერობა რომ მოიპოვეს, თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს, თუმცა ბათუმი შანსს ბოლომდე არ კარგავდა. მასპინძლებს მცირედით ჩამორჩებოდა, დასრულებამდე 3,5 წუთით ადრე კი სხვაობა 3 ქულას შეადგენდა – 75:72. აქ კი დელტას ლეგიონერებმა იყოჩაღეს – დანია კინგსბიმ სამიანი ჩააგდო, სკილერ პოტერმა – ორიანი, ჯორდან სვოპშირმა კი საჯარიმოები მიითვალა და ბოლო წუთზე გურჯაანელები 10 ქულით – 82:72 დაწინაურდნენ. ეს დელტას გამარჯვებას ნიშნავდა.

გურჯაანის კალათბურთელებმა გუნდურად ითამაშეს, დელტას გამორჩეული ლიდერი არ ჰყოლია. ექვსმა კალათბურთელმა უწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი (19) სკილერ პოტერმა ჩააგდო, 14 ქულა სვოპშირმა მიითვალა, ხოლო ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. ბათუმელთაგან 17 ქულით საუკეთესო იყო ჯექსონ ბრენჩლი. 16 ქულა ეროვნული ნაკრების წევრმა – ილია ლონდარიძემ მიითვალა. 

სუპერლიგის მე-8 ტურის მატჩები 7, 8 და 9 დეკემბერს, თბილისში, ბათუმში, გორსა და ზესტაფონში გაიმართება.