გრიფინმა სიმაღლე აკრიფა და ცაში აიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ კასპელებმა ერთ-ერთი წამყვანი ლეგიონერი და მოთამაშე, გრეგორი ჰამონდი დაკარგეს, გრიფინი მთავარ კონკურენტებს დაერია და თავის ნებაზე ამარცხებს. “ა” ლიგის მეორე წრე, ანუ მე-6 ტური კასპში დაიწყო, სადაც ერთმანეთს გათამაშების ლიდერები – გრიფინი და ლიბერთი შეხვდნენ. კიდევ ერთი ლიდერი, ბლექ ფორტრესი, მე-6 ტურის შეხვედრას 21 თებერვალს ჩაატარებს.
კასპში გამართული შეხვედრა 2 განსხვავებულ ტაიმს მოიცავს. პირველი თანაბარი იყო, უფრო კი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და ლიბერთის გამარჯჯვებით – 46:40 დასრულდა. მეორე ნახევარში კი გრიფინმა ფრთები გაშალა – კამანი დაუთისა და ალექს მეთიუსის ლიდერობით მესამე პერიოდი 30:17 მოიგო და ლიბერთი წელში გატეხა.შეხვედრა ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა. ბოლო პერიოდში კასპელთა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია და გრიფინის მორიგი გამარჯვებაც გაფორმდა. საბოლოოდ მასპინძლებმა 91:74 (სტატისტიკა) იმარჯვეს და პირველ ადგილზე გადავიდნენ.
დაუთის ანგარიშზე 29 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩჭრა და 2 დაფარება იყო. 21 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა მეთიუსმა, ხოლო მესამე ლეგიონერმა, დანიელ რენსომმა ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა, რასაც 4 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა. ლიბერთის შემადგენლობაში 32 ქულით საუკეთესო იყო კევონ ვოილსი. 14 ქულა რეჯინალდ რეინორის ანგარიშზეა.
“ა” ლიგის მე-6 ტური 21 თებერვალს დასრულდება. დიღომი არენაზე ბლექ ფორტრესი თელავის ბურჯს უმასპინძლებს, ხოლო ვინგსი ახალციხეს დაუპირისპირდება.