დუდა სანაძის „ბორაცი“ მომდევნო სეზონშიც ადრიატიკის ლიგაში იასპარეზებს. ამისთვის სერბული ქალაქ ჩაჩაკის გუნდს საკვალიფიკაციო სერიის მოგება დასჭირდა. ბორაცმა ადრიატიკის ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-11 ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილის შენარჩუნება ქვედა ლიგელ “ზლატოგორთან” მოუხდა.
ბ0რაცელებმა სერიის ორივე შეხვედრა მოუგეს მეტოქეს და ადრიატიკის ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. მეორე მატჩში, რომელიც ბორაცმა 87:66 მოიგო, დუდა სანაძე საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-იც გახდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე გატარებულ არასრულ 32 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, რითაც „ბორაცის“ გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. დუდას ანგარიშზე 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანია. ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.