საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, დუდა სანაძე ფორმაში შევიდა. ავადმყოფობის გამო ზამთარში გამოტოვებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ის მოედანს თებერვალში დაუბრუნდა და საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიის ორჯერ დამარცხებაში დაეხმარა. სანაძე საკუთარი კლუბის, სერბული “ბორაცის” სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა და თუკი თავიდან მცირე დროით ჩნდებოდა მოედანზე, ახლა უკვე სტაბილურად ხანგრძლივად და რაც მთავარია, შედეგიანად თამაშობს.
ადრიატიკის ლიგის გასულ ტურებში სანაძის კლუბმა ჯერ სლოვენიურ “კრკას” უმასპინძლა და 77:68 დაამარცხა, შემდეგ კი ასევე შინ ხორვატულ “სპლიტს” ეთამაშა და ბრძოლაში – 59:64 დამარცხდა. ამ მწირექულიან მატჩში ქართველმა უკანახაზელმა 12 ქულა მოაგროვა, რაც ბორაცელთა შემადგენლობაში მე-2 შედეგი გახლდათ. ამასთან ერთად სანაძეს 5 მოხსნა და 3 პასი გაუგროვდა და იგი საერთო სარგებლიანობით მხოლოდ თანაგუნდელ ლუტარო გომესს ჩამორჩა. დუდამ 6-დან 3 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
რაც შეეხება “კრკასთან” მოგებულ მატჩს, ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო და შეხვედრა 9 ქულით დაასრულა. მომდევნო ტურის მატჩს ბორაცი სტუმრად, სერბულ FMP-სთან გამართავს. სანაძის გუნდს 21 ტურის შემდეგ 8 მოგება აქვს და 14-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფება.