დუდუ დადიანის მემორიალის წინ. პრესკონფერენცია კაფე “მსოფლიო სპორტში”

დღეს კაფე “მსოფლიო სპორტში” გაიმართა დუდუ დადიანის მემორიალის წინ ყველა მონაწილის მთავარი მწვრთნელის მონაწილეობით პრესკონფერენცია.შეგახსენებთ, რომ მემორიალი 4 ოქტომბერს რუსთავში დაიწყება და მოედანზე პირველები “აზოტისა” (ტურნირის მოქმედი ჩემპიონი) და “მაკაბის” მოთამაშეები გავლენ.
ტურნირის ფავორიტები “აზოტი” და “თბილავიამშენი” არიან, თუმცა სხვა გუნდებიც ძალიან კარგად არიან მომზადებულნი. გთავაზობთ “აზოტისა” და “თბილავიამშენის” თავკაცების, დავით უსტიაშვილისა და ლევან მოსეშვილის კომენტარებს.
ლევან მოსეშვილი (თბილავიამშენი): “პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომ არ ივიწყებს ჩვენს საყვარელ ადამიანს, მეგობარსა და ქართული კალათბურთისთვის ბევრის გამკეთებელ დუდუ დადიანს და ამ მემორიალს წელსაც ატარებს. გუნდმა მომზადება 1 აგვისტოს დაიწყო. როგორც ყოველთვის, ჩვენი გუნდი წლევანდელ სეზონსაც გადახალისებული შემადგენლობით დაიწყებს და ახალწვეულებს გუნდთან შესათამაშებლად გარკვეული დრო დასჭირდებათ. ჩვენთან ერთად ვარჯიშობს გამოცდილი ვახტანგ ნაცვლიშვილი და თუ ამ მოთამაშეს უცხოეთიდან მოწვევა არ მოუვიდა, იგი სეზონს “თბილავიამშენში” დაიწყებს.”
დავით უსტიაშვილი (აზოტი): “გუნდში ბევრი ცვლილებაა. შარშანდელი, საჩემპიონო შემადგენლობიდან შვიდი მოთამაშე წავიდა “აზოტიდან”. დავიმატეთ ბესიკ ლეჟავა და ზვიად ბაბიაშვილი. “აზოტის” დუბლებიდან შემოგვიერთდა აკაკი დვალიშვილი და ცენტრად ასევე გვეყოლება იური დანელიანი, რომელიც კალათბურთს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გარდა ამისა, ამერიკიდან ჩამოდის სერბი ლეგიონერი სტეფანოვი, რომელიც 1983 წელსაა დაბადებული და ვისაც ფორვარდისა და ცენტრის პოზიციებზე თამაში შეეძლება. იმედი გვაქვს, ტურნირი მაღალ დონეზე გაიმართება და გულშემატკივარი ბევრ საინტერესო შეხვედრას იხილავს.”