ეკა წივწივაძის 4 ქულა მექსიკასთან და Jr.NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალის საგზური

ეკა წივწივაძის 4 ქულა მექსიკასთან და Jr.NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალის საგზური

ეკა წივწივაძე და მისი ევროპა-შუა აზიის ნაკრები ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ევროპისა და შუა აზიის გაერთიანებულმა ნაკრებმა პლეი ოფის პირველ წრეში მექსიკის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში – 52:46 (სტატისტიკა) სძლია. ეს გახლდათ ქართველი კალათბურთელის ყველაზე შედეგიანი მატჩი ტურნირზე. წივწივაძემ არასრულ 10 წუთში 4 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

მატჩის პირველი პერიოდი მექსიკელებმა 16:11 მოიგეს, მეორეში კი ევროშუააზიელებმა იძალეს და პერიოდის 21:4 მოგებით დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მექსიკელი გოგონები არ გატყდნენ და მესამე პერიოდი 13:5 მოიგეს. ბოლო მეოთხედში ბრძოლა გაჩაღდა, მექსიკელებმა მოსაგებად გაიწიეს, მაგრამ საბოლოოდ ვერას გახდნენ და გამარჯვება უფრო გუნდურად მოთამაშე ევროპა-შუა აზიის ნაკრებს დარჩა.

წივწივაძემ 9:57 წუთი ითამაშა და 4 ქულასთან ერთად 2 მოხსნა მიითვალა. ეკამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველ გოგონას პასივში 1 ჯარიმა და 3 დაკარგვა ჰქონდა. საუკეთესო კი ლიეტუველი უგნე სირტაუტაიტე გახდა, რომელმაც 10 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. 

წივწივაძის გუნდი მეოთხედფინალში კანადის მძლავრ ნაკრებს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ინდოეთი 65:26 გაანადგურა. მსოფლიოს კონფერენციის ბადეში კიდევ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა ასე დასრულდა: ლათინური ამერიკა – აზია-პასიფიკი 47:41 და ჩინეთი – აფრიკა 39:29. ამერიკის კონფერენციის ნახევარფინალში კი ეს წყვილები შეხვდებიან: ცენტრალი – შუაატლანტიკა, ჩრდილოდასავლეთი – დასავლეთი.

შეგახენებთ, რომ ამერიკის ქალაქ ორლანდოში ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც 16 გოგონათა და 16 ვაჟთა ნაკრები შეიკრიბა. ფინალამდე ცალკე მიმდინარეობს ამერიკის რეგიონების და ცალკე დანარჩენი მსოფლიოს რეგიონების თამაშები. ფინალურ მატჩში ბადის ორივე მხარი გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან: ანუ ამერიკის საუკეთესო რეგიონის გუნდი დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს შეხვდება.

ფინალური მატჩი 11 აგვისტოს (ჩვენი დროით 12 აგვისტოს გამთენიისას) გაიმართება.