ელისის ოთხთა ფინალის ბედი 30 მარტს გადაწყდება

ელისის ოთხთა ფინალის ბედი 30 მარტს გადაწყდება

ევროთასს საქართველოს ეროვნულ ნაკრების ერთადერთი წარმომადგენელია შერჩენილი. ტაირონ ელისის „ესტუდიანტესი“ მეორე ჯგუფური ეტაპიდან ხომ გავიდა და წუხელ მეოთხედფინალის პირველი მატჩი ჩაატარა. ესპანური გუნდი ხორვატიაში „ცედევიტას“ შეხვდა და 81:90 დამარცხდა.
 
ელისმა მადრიდელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 25:29 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ტაირონმა 2-დან 1 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
 
საპასუხო შეხვედრა 30 მარტს მადრიდში გაიმართება და „ესტუდიანტესს“ 9–ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა მოუწევს. თუ „ესტუდიანტესი“ მოახერხებს სასურველი სხვაობით გამარჯვებას, ოთხთა ფინალში გავა.
 
16 წლის ბექა ბურჯანაძე ესპანურ „კახასოლში“ ირიცხება, მაგრამ მისი დიდ გუნდში დებიუტი ჯერაც არ შემდგარა. ევროთასის მეოთხედფინალის პირველი მატჩი „კახასოლმა“ სევილიაში უკრაინულ „ბუდეველნიკს“ 67:49 მოუგო, ბურჯანაძე განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა.
 

ბურთითაა ტაირონ ელისი