ესპანეთის პრიმერადივიზიონში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური დარჩა. გუშინ კი იქ ბოლოსწინა ტური გაიმართა და რაც აქამდე საჭოჭმანო იყო, ახლა უკვე ოფიციალურად გაირკვა. ვგულისხმობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გუნდების პლეი ოფში გასვლა–არგასვლის საკითხს.
საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ პლეი ოფში მხოლოდ ტორინ გრინის გუნდი გავიდა. სამწუხარო კი ისაა, რომ საქართველოს ნაკრების ამერიკელ გამთამაშებელს ფეხის თითი აქვს დაზიანებული და პლეი ოფში თამაშის საშუალება არ მიეცემა. ტაირონ ელისის „ესტუდიანტესმა“ და ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდმა“ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა ვერ შესძლეს.
“გრან კანარიამ“ 33–ე ტურში დაძაბულ ბრძოლაში „ვალენსია“ 68:66 დაამარცხა. როგორც აღვნიშნეთ, გრინს ტრავმის გამო არ უთამაშია. „ხუვენტუდის“ შემადგენლობაში ერთ–ერთი საუკეთესო იყო ქუინტონ ჰოსლი, რომელმაც „კახა ლაბორალთა“ 80:83 წაგებულ შეხვედრაში 13 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ქართულპასპორტიანი ქართველი ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა. ჰოსლიმ 10–დან 3 ორქულიანი, 5–დან 2 სამიანი და 5–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულა და 6 მოხსნასთან ერთად ქუინტონმა 3 პასიც მოაგროვა, თუმცა საკუთარი გუნდი წაგებისგან მაინც ვერ იხსნა. ხუვენტუდელებს 33 მატჩიდან მხოლოდ 14 გამარჯვება აქვთ და მე–13 ადგილზე არიან. მათთვის ეს სეზონი მომავალ ტურში დასრულდება.
„ესტუდიანტესმა“ 33–ე ტურში „მანრესასთან“ 63:69 წააგო. ტაირონ ელისმა 15 წუთი ითამაშა და 11 ქულასთან ერთად 2 მოხსნაც მოაგროვა. ელისმა 4–დან 3 სამქულიანი და 3–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სევილიურმა გუნდმა 33 შეხვედრიდან მხოლოდ 16 მოიგო და პლეი ოფში ვერ მოხვდა.
მეოთხედფინალს მიღმა დარჩა ბექა ბურჯანაძის „კახასოლიც“, რომელიც ამ ტურში მადრიდის „რეალს“ ხვდებოდა და ამ უკანასკნელის ევროლიგის ოთხთა ფინალში გამოსვლის გამო მატჩი არ გაუმართავს. „კახასოლი“–„რეალი“ 12 მაისს გაიმართება.