ევრობასკეტ 2022-ის წილისყრამ თბილისის ჯგუფი დააკომპლექტა

ევრობასკეტ 2022-ის წილისყრამ თბილისის ჯგუფი დააკომპლექტა

ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა. მოგეხსენებათ, საქართველო მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და 2022 წლის სექტემბერში თბილისში, A  ჯგუფში საასპარეზოდ ჩამოვლენ: ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი. ეს ამბავი დღეს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ წილისყრაზე გადაწყდა, სადაც ევრობასკეტის 24-ვე მონაწილე 4 ჯგუფში გადანაწილდა. წილისყრას ევრობასკეტის ელჩი, ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი, დირკ ნოვიცკი, საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ვიქტორ სანიკიძე და იტალიელი ვეტერანი კალათბურთელი, რობერტო ბრუნამონტი უძღვებოდნენ.

საქართველოსთან ერთად ევრობასკეტს გერმანია, იტალია და ჩეხეთი უმასპინძლებენ. ამ ქვეყნებში გაიმართება ტურნირის ჯგუფური ეტაპის თამაშები, ხოლო პლეი ოფში გასულ 16 გუნდს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს. წილისყრის შედეგად სხვა ჯგუფებში გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: 

A ჯგუფი – ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, საქართველო, ბელგია, ბულგარეთი
B ჯგუფი – საფრანგეთი, ლიეტუვა, სლოვენია, გერმანია, უნგრეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა
C ჯგუფი – საბერძნეთი, იტალია, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი
D ჯგუფი – სერბეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები

ევრობასკეტ 2022-ის წილისყრა ბერლინის Verti Music Hall-ში გაიმართა, რომელსაც კოვიდ-რეგულაციების გამო შეზღუდული რაოდენობის დამსწრეები ჰყავდა. წილისყრას ევრობასკეტის მონაწილე ქვეყნების ფედერაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ, რომელთა შორისაც იყვნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ამავდროულად ფიბა-ევროპის ბორდის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პრეზიდენტია.

წილისყრის დაწყებამდე ევრობასკეტის სხვა მასპინძელი ქვეყნების კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიების წამყვანმა ვლადიმერ ბოისას კითხვა დაუსვა იმ წარმატებულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა და მთლიანად ქართულმა კალათბურთმა გადადგა ბოლო ათწლეულში. ჩვენი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში კალათბურთის აღმავლობაზე, ჩვენი ქვეყნის სტუმართმოყვარეობაზე და მომავალ ევრობასკეტის მოლოდინზე მოკლედ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობა 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩები 4 ქვეყანაში – გერმანიაში (კიოლნი), საქართველოში (თბილისი), ჩეხეთსა (პრაღა) და იტალიაში (მილანი) ჩატარდება, ხოლო საპლეიოფო ეტაპს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.