ევრობასკეტმა თურქეთს 64.7 მილიონი ევრო მოუტანა, ისრაელს – 44.5 მილიონი, რას მისცემს საქართველოს?

ევრობასკეტმა თურქეთს 64.7 მილიონი ევრო მოუტანა, ისრაელს – 44.5 მილიონი, რას მისცემს საქართველოს?

2021 წელს საქართველოში ევრობასკეტი გაიმართება. ეს არის ჩვენი კონტინენტის ერთ-ერთი ხმაურიანი, ხალხმრავალი და პოპულარული სანახაობა.

მომავალი წლის 2-9 სექტებერს თბილისში 15 მატჩი გაიმართება, ჩამოვლენ NBA-ს, ევროპის ტოპ-კალათბურთელები, ქართველ გულშემატკივარს საშუალება მიეცემა უშუალოდ ტრიბუნიდან უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს.

თუმცა ქომაგის სიხარული, ტოპ-ხარისხის სანახაობა თუ ევრობასკეტის მნიშვნელობა ქართული სპორტის განვითარებისთვის, ცალკე, საუბრის თემებია. აქ ქვეყნის სარგებელზე ვთქვათ.

რას მოგვცემს ევრობასკეტი?
რას მისცემს ევრობასკეტი 2021 ჩვენს ქვეყანას? ერთი წლით ადრე კონკრეტულ ციფრს ვერ დავწერთ, მაგრამ რა სარგებელი მოუტანა ბოლო ევრობასკეტმა მასპინძელ ქვეყნებს, ფიბა-ს მოხსენებაში დეტალურად წერია: თურქეთმა, რომელმაც ერთ ჯგუფსა და პლეი ოფს უმასპინძლა 64.7 მილიონი ევრო ისარგებლა; ფინეთმა, რომელმაც ერთი ჯგუფის 15 თამაში მიიღო – 43.3 მილიონი ევრო, რუმინეთმა – 18.3 მილიონი ევრო, ისრაელმა – 44.5 მილიონი ევრო.

შთამბეჭდავი ციფრებია, თუმცა დაკონკრეტებაა საჭირო, საიდან მიიღო, ვინ მისცა, პირდაპირი მოგებაა თუ…
ფიბა-მ შვეიცარიულ კოპანიას ევრობასკეტი 2017-ის დეტალური ფინანსური ანალიზი დაუკვეთა და მივიღეთ მკაფიო სურათი, რა სარგებლობა მოაქვს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლებისთვის. ჩვენც თანმიმდევრობით მივყვეთ.

300 ათასი ფანი
ნებისმიერი სპორტული ღონისძიებისას შემოსავლის მთავარი წყარო გულშემატკივარია. არც კალათბურთია გამონაკლისი. ევრობასკეტი 2017-ს ჯამში 300.191 ათასი ფანი დაესწრო. ჯგუფური ეტაპის თამაშები ოთხ ქვეყანაში განაწილდა: ისრაელში ჯამში 62.925 ათასი ქომაგი დაესწრო (ამდენი ბილეთი გაიყიდა), ფინეთში – 89.864 ათასი, რუმინეთში 67.759 ათასი, თურქეთში (ჯგუფური ეტაპი+პლეი ოფი) – 85.558 ათასი.

მინდა, ყურადღება გაგამახვილებინოთ ისრაელში ფანების რაოდენობაზე. ჯამში 62.925 ათასი – ცუდი მაჩვენებელი არ არის, მითუმეტეს, რომ ეს ქვეყანა ევროპის ცენტრიდან მეტად მოშორებულია. თუ ევრო-2015-ზე ხორვატიაში სლოვენიის ნაკრების საქმაგოდ ნახევარი სლოვენია მანქანითა და ავტობუსით 2 საათში ჩავიდა, ახლო აღმოსავლეთში გადაფრენას გაცილებით მეტი დრო და ხარჯი სჭირდება.

ისრაელში 63 ათასზე გაცილებით მეტი ადამიანი შეიძლება მოსულიყო, მეტი ინტერესი რომ ყოფილიყო: საქართველოს ნაკრების მატჩების გასაშუქებლად თელ ავივში გახლდით და მაინტერესებდა, რამდენი ბილეთი იყო გაყიდული ისრაელი-საქართველოს მატჩზე, 2017 წლის 5 სექტემბერს. შეხვედრის დაწყებამდე საათით ადრე სალაროში მითხრეს – რომელ სექტორში, რა ფასიანი ბილეთიც გინდა პრობლემა არ არისო.

წარმოიდგინეთ, 2021 წელს ევრობასკეტისას, სალაროში საქართველოს ნაკრების თამაშის ბილეთი მატჩის დღეს რომ იკითხოთ, რა რეაქციას გადააწყდებით… ჩვენთან ხომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართელოს ნაკრების ყველა თამაშის ბილეთი გაყიდული იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხალხს კალათბურთი უყვარს, მეორეც – ასეთი მასშტაბის და ხარისხის ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში აქამდე არც გამართულა და… იმედია, 2021-ის შემდეგ ჩატარდება.

მარტივი არითმეტიკა მოვიშველიოთ: საქართველოს ნაკრების თბილისში გასამართ მატჩებზე მინიმუმ 10 ათასი ბილეთი რომ გაიყიდება, წყალი არ გაუვა (რაც უფრო ტევადი არენა აშენდება, მით უკეთესი). ეს რიცხვი გავამრავლოთ “ჯვაროსნების” მატჩების რაოდენობაზე და მივიღებთ – 50 ათასს.

კიდევ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ თამამად – საქართველოში მინიმუმ 3 ათასი ლიეტუველი ქომაგი ჩამოვა. რატომ მაინცდამაინც ლიტველი? – იკიხავთ. საქმე ის არის, რომ ევრობასკეტის ჯგუფის ოთხ მასპინძელს პარტნიორი ნაკრების არჩევის უფლება აქვს. ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არვიდას საბონისი ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის მეგობარია. წინასწარ უკვე არის მოლაპარაკება, რომ საქართველოს პარტნიორი ლიტვის ნაკრები იყოს.

ლიეტუველებს კალათბურთი რელიგიამდე აქვთ აყვანილი, ამ ქვეყნის ჟურნალისტები და ქომაგები ისრაელსა და ლიეტუვაში კარგად გავიცანი. ევროპის ჩემპიონატისთვის ისინი მთელი წელი ემზადებიან, შვებულებას ევრობასკეტის დღეებში იღებენ და რამდენიც ლიეტუვდან ჩადის საქომაგოდ, იმაზე მეტი – ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს რომ იცოდა, 2017 წელს ისრაელმა პარტნიორად ამიტომაც აირჩია ლიეტუვა, 2015-ში იგივე გააკეთა ლატვიამ.

ასე რომ, ლიეტუვა ყველასთვის სასურველი სტუმარია, ხოლო 3 ათასი მინიმალური რიცხვია, თბილისში ჩამომსვლელი ლიტველებისა. დანარჩენი ოთხი ქვეყნის (რომლებიც ჩვენს ჯგუფში მოხვდება) ქომაგებსაც თუ მივამატებთ, დღესვე შეგვიძლია დავწეროთ, რომ 2021 წელს თბილისში გასამართ 15 მატჩს 70 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება. იმაზე მეტი, ვიდრე 2017-ში ისრაელში.

საიდან ამდენი?
ორი მთავარი რიცხვი გვაქვს – გულშემატკივრების რაოდენობა და შემოსავალი ევრობასკეტის მასპინძლობის შემდეგ. თუმცა, ჩვენ ერთი კონკრეტული ჯგუფის მასპინძლის ანალიზი გვაინტერესებს. საქართველოც ხომ ერთი ჯგუფი თამასებს მიიღებს. შევთანხმდეთ, რომ რუმინეთი ინდიკატორად არ გამოგვადგება, რადგან იქ თამაშები ნახევრად ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობდა. არც სტამბოლი ივარგებს პარალელისთვის, რადგან ამ ქვეყანაში ორი ეტაპი იყო – ჯგუფური და პლეი ოფი. გვრჩება ფინეთი და ისრაელი.

მოდით, განვიხილოთ ისრაელი. ისევე როგორც თელ-ავივში, გულშემატკივრები თბილისშიც ვერ მოხვდებიან თვითმფრინავის გარეშე. ისრაელიც შორსაა ევროპის შუაგულიდან და საქართველოც. თან, 2017 წელს ევრობასკეტის მატჩებს სწორედ თელ-ავივში დავესწარი და ვეცდები, მკაფიო წარმოდგენა შეგიქმნათ, რა ხდებოდა იქ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას.

ისრაელმა 44.5 მილიონი ევრო მოიგო. 41.3 მილიონი უშუალოდ თელ-ავივმა, 3.3 მილიონი მის გარეთ. აქ მცირე განმარტებაა საჭირო: გულშემატკივრები უცხო ქვეყანაში მხოლოდ კალათბურთის საყურებლად არ ჩადიან. მაგალითად, 2017 წელს ორი დღე დასვენება იყო, ორივე დღეს იერუსალიმში გავემგზავრე. იქ კი უამრავი გერმანელი, უკრაინელი, ლიეტუველი და იტალიელი დამხვდა. სწორედ ამ ქვეყნის გუნდები იყვნენ ჩვენს ჯგუფში. 2011 წელს კლაიპედაში ლუდი “შვიტურისის” ქარხანაში ექსკურსიაზე მოვხვდი, უნდა გენახათ, რამდენი სლოვენიელი და რუსი გულშემატკივარი დააბიჯებდა ჩემთან ერთად.

დიდი საკალათბურთო ქვეყნების ქომაგებს კარგად აქვთ ჩამოყალიბებული გულშემატკივრობის კულტურა – თავისუფალ დროს უცხო ქვეყანას ათვალიერებენ, თამაშისას განუწყვეტლივ მღერიან, ხოლო მატჩის შემდეგ იმდენ ლუდს სვამენ, ისე ერთობიან, თქვენი მოწონებული.

ლიდერობს სასტუმროს ბიზნესი
როდესაც შემოსავალზეა ლაპარაკი, უნდა გამოიყოს პირდაპირი და არაპირდაპირი შემოსავალი. თელ-ავივში პირდაპირი იყო 32.5 მილიონი ევრო, არაპირდაპირი – 8.8 მილიონი.

ყველაზე მეტი ფული სასტუმროებში შევიდა – 11.3 მილიონი (ეს პირდაპირი შემოსავალია), კვებიდან – 6.4 მილიონი, შოპინგიდან – 4.4 მილიონი, კულტურული და სოციალური სერვისებიდან – 4.7 მილიონი…

ერთ საინტერესო ნიუანსზე გაგამახვილებინებთ ყურადღებას: თუ ისრაელში კვებაზე 6.4 მილიონი დაიხარჯა, ჰელსინკიში – გულშემატკივრებმა კვების ობიექტებში გაცილებით მეტი, 9.7 მილიონი გადაიხადეს. შეიძება ვიფიქროთ, რომ ასეთი სხვაობის მიზეზი ისრაელსა და ფინეთში კერძების ფასში სხვაობაა. მე სხვა მიზეზს ვხედავ: არა მგონია, პიცა, ან სულაც პური (რომელიც თელ-ავივის სუპერმარკეტში მინიმუმ 4 ევრო ღირდა) ისრაელში უფრო იაფი იყო, ვიდრე ჰელსინკიში.

დიდი მნიშვნელობა აქვს ევრობასკეტის მსვლელობისას დარბაზის გარშემო კვების ობიექტების კარგად მოწყობას. ამ მხრივ თელ-ავივი ვერ დაიტრაბახებდა. რა სიტუაცია იყო ჰელსინკიში, არ ვიცი, მაგრამ 2011 წელს ლიეტუვაში იმდენად კარგად იყო ყველაფერი დაგეგმილი, საგანგებოდ მოწყობილ ფარდულებში სახელდახელოდ მომზადებულ კერძებზე ერთთავად რიგები იყო.

ევრობასკეტის დროს დღეში სამი თამაშია – დარბაზის გარშემო 9 საათის განმავლობაში ათიათასობით გულშემატკივარს გემრიელ კერძებს რომ დაახვედრებ, როგორ შეიძლება, ამით სერიოზული შემოსავალი არ მიიღო?

ჯიბის ეკონომიაზე მებისმიერი გულშემატკივრი ფიქრობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი რამ: ევროპის ჩემპიონატზე ევროპელი ფანები სიამოვნებისთვის მიემგზავრებიან. ისინი არ დაიწყებენ ქოხების ძებნას – იმ 9 დღის განმავლობაში, საქომაგოდ რომ ჩამოვლენ კომფორტულ სასტუმროებს შეარჩევენ. ამიტომ, ევრობასკეტი 2021-ის შემდეგ მოგების დაანგარიშების დრო რომ დადგება, შემოსავლის დიდი წილი, ცხადია უცხოელი ქომაგის ცხოვრების ხარჯიდან იქნება.

თბილისში ბევრი გასართობი და სანახაობაა, მცხეთაშიც ბევრი ჩავა და არ არ გაგიკვირდეთ ლიტველი ქომაგები კახეთში, ღვინის მარანებში რომ ნახოთ. კლაიპედაში გავიცანი შუახნის კაცი ვირგილიუსი – საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ, ყველა კუთხე ნანახი მაქვსო. მისმა ცოლმა დაიჩივლა – რთველისას საწნახელში არ ჩამაყენეს, ქალებისთვის არ შეიძლებაო. შემდეგ ჩამოსვლაზე ისეთ რთველში წავალ, სადაც ყურძნის დაწურვის უფლებას მომცემენო…

ვინ მეტი?
სადაც ფულია, იქ უარავი შეკითხვაა: როგორ ნაწილდება შემოსავლები? რა წილი მოდის ადგილობრივ და უცხოელ გულშემატკივრებზე? კიდევ რა წყაროდან შემოვა ფული?

ესეც კარგადაა გამოთვლილი. მაგალითად, თელ-ავივში პირდაპირი შემოსავლის 32.4 პროცენტი (10.5 მილიონი ევრო) უცხოელ გულშემატკივრებზე მოდის, 15.9 მილიონი ადგილობრივ მაყურებლებზე, 3 მილიონი – საორგანიზაციო კომიტეტზე, 2.5 მილიონი ადგილობრივ ქომაგებზე, 211 ათასი ევრო გუნდებზე…

სულ სხვა სურათი გვაქვს ჰელსინკიში, სადაც ყველაზე მეტი უცხოელმა გულშემატივარმა დახარჯა – 15.6 მილიონი (პირდაპირი შემოსავლის 48.8 პროცენტი). კიდევ უფრო დიდი კონტრასტი იყო 2015 წელს ლატვიაში: საზღვარგარეთიდან ჩასულებმა 21.4 მილიონი ევრო დატოვეს (პირდაპირი შემოსავლის 87 პროცენტი), მაშინ, როცა ადგილობრივმა ქომაგმა – 1.5 მილიონი ევრო დახარჯა.

მომგებიანი რომ არ იყოს…
ევრობასკეტი 2021-ის მასპინძლობისთვის შვიდი ქვეყანა იბრძოდა. მათ შორის იყო სლოვენია, რომელმაც ევრობასკეტს შვიდი წლის წინ უმასპინძლა. სლოვენიელებს დიდი სარგებელი რომ არ ენახათ, რატომ წამოაყენებდნენ კანდიდატურას? რატომაც არა – ინფრასტრუქტურა უკვე აწყობილი აქვთ და ამ მხრივ ხარჯი, ფაქტობრივად, არ ექნებოდათ.

საქართველოს კი ევროსტანდარტების დონის დარბაზი სჭირდება. 2021 წლისთვის ასეთი არენა რომ გვექნება, მერე კიდევ უფრო თამამად შეგვეძლება შემოსავლიან ტურნირებზე განაცხადის გაკეთება. ხაზი უნდა გავუსვათ – “შემოსავლიან” ტურნირებზე, რომლებიც ევროპის მასშტაბით არცთუ ისე ბევრია.

სწორედ სლოვენიაში გავიცანი ესპანელი ჟურნალისტი ტიკო, რომელმაც დამშვიდობებისას მითხრა: ევრობასკეტი რომ მორჩება შვებულება მეწყება, ესპანეთიდან ჩემი ცოლი ჩამოდის და ორ კვირას სლოვენიაში დავრჩებით, ბევრი რამაა სანახავიო. აქ კომენტარი ზედმეტია – ერთთავად საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ვლაპარაკობთ და იოლი წარმოსადგენია, რა სარგებელს მოგვიტანს ამ კუთხით ევრობასკეტი.

ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არვიდას საბონისი სლოვენიაში, ბლედის ციხეზე ქართველ ქომაგებთან ერთად

ამასწინათ სლოვენიაში დავუკავშირდი საქართველოს ნაკრების ყოფილ კალათბურთელს, დავით უგრეხელიძეს, რომელიც ევროპის ჩემპიონ ქვეყანაში მწვრთნელად მუშაობს. მითხრა: 2017 წელს სლოვენია ევროპის ჩემპიონი რომ გახდა, ჩემს ჯგუფში ბავშვების რაოდენობა გაორმაგდა, ზოგგან გასამმაგდა და გაოთხმაგდა კიდეც!
იცით, ეს რას ნიშნავს? – სპორტული მიღწევები რომ გაიზრდება, თავისთავად ცხადია, კალათბურთზე ბავშვების რაოდენობის გაორმაგება ორმაგად ჯანმრთელ ახალგაზრდობას ნიშნავს. საქართველოს განათლების სამინისტრომ მეთერთმეტე კლასელებში ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო დედგინათ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ 68 პროცენტი დაავადმყოფებულია, ზოგს ხერხემალი აქვს დაზიანებული, ზოგს რა და ზოგს – რა.
თუმცა, როგორ აისახება ევრობასკეტი კალათბურთის განვითარებაზე, ტურიზმზე და თაობების გაჯანსაღებაზე, ცალკე პუბლიკაციის თემაა, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ.

გაზეთი “ლელო”,  16.01.2020