თორნიკე შენგელიას ახალმა კლუბმა, „დუბაიმ“, ევროლიგის ახალი გათამაშება ხმაურიანი წარმატებით გახსნა. საკუთარ არენაზე მიღებული ტიტულოვანი „მადრიდის რეალი“ დუბაელებმა 78:77 დაამარცხეს.
ეროვნული გუნდის კაპიტანი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. პარკეტზე დათმობილ 15:16 წუთში ქართველმა ფორვარდმა 5 ქულა და 8 მოხსნა (მათ შორის 5 მეტოქის ფარზე) მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ მოხსნების რაოდენობით შენგელიამ ორთავე კოლექტივში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ამასთან, თორნიკემ 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო და მეტოქეებიც მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი ამერიკელი დუეინ ბეიკონი აღმოჩნდა 24 ქულით. რაც შეეხება „რეალს“, მათ რიგებში მონაგარი შედარებით თანაბრად გადანაწილდა: ტიმოთე ლუვავუ-კაბარომ და ტეო მალედონმა 11-11 ქულა დააგროვეს, ხოლო მიკაელ იანტუნენმა და დამიან ჯონსმა ანგარიშზე 10-10 ქულა ჩაიწერეს.
ევროლიგის მორიგ შეხვედრას „დუბაი“ 29 სექტემბერს, შენგელიას ყოფილი გუნდის, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს, 27 სექტემბერს კი ადრიატიკის ლიგაში „ვენას“ უმასპინძლებს.