ევროპის ჩემპიონატზე ქართველი არბიტრი იმსაჯებს. ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი დავით ბერეკაშვილი ლიტვაში გასმართ კონტინენტის პირველობის მატჩებს გაუძღვება. რა თქმა უნდა, ჯერ უცნობია, თუ რომელ მატჩებს მოესახურება ბერეკაშვილი, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ქართველი არბიტრი ევროპის ჩემპიონატზე დასაქმდება, თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ბერეკაშვილმა ფიბა-ევროპისგან მოწვევა უკვე მიიღო და მან საპასუხისმგებლო მატჩებისთვის მზადებაც დაიწყო.
– ევროპის ჩემპიონატზე მსაჯად მიწვევა ნებისმიერი არბიტრისთვის დიდი პატივია – გვესაუბრება დავით ბერეკაშვილი – ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადეს. ყველანაირად ვეცდები, რომ გაცემული ავანსები გავამართლო და ევროპის ჩემპიონატზე უმაღლეს დონეზე ვიმსაჯო.- მოწვევა უკვე მიიღეთ?- დიახ. მოწვევა საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მოვიდა, რომლის თანახმადაც მე ევროპის ჩემპიონატზე მსაჯად მიწვევენ.- აქამდე რატომ არ იწვევდნენ ქართველ მსაჯებს ევროპის ჩემპიონატზე?- საერთოდ, წესია, რომ კონკრეტულ ტურნირში მონაწილე ქვეყნიდან მსაჯიც იყოს წარმოდგენილი, რომელიც, რა თქმა უნდა, თავისი ქვეყნის მატჩებს არ იმსაჯებს. აუცილებელი არაა, რომ ტურნირში მონაწილე გუნდს თავისი წარმომადგენელი მსაჯი ჰყავდეს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ასე გადაწყვიტეს. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია. საქართველოს მსაჯობის ასპექტშიც ნდობას უცხადებს ფიბა-ევროპა.- ევროპული მასშტაბით აქამდე მსაჯობის რა გამოცდილება გქონიათ?- გარდა იმისა, რომ ევროპის საკლუბო ჩემპიონატების მატჩებს ვმსაჯობდი, მუშაობა მომიწია ევროპის სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებზე. ასევე ვმსაჯობდი ევროპის ქალთა ჩემპიონატის მატჩებსაც.- როგორც ჩანს, ევროპული გამოცდილება საკმარისად გაქვთ, თუმცა ლიტვაში გასამართი ჩემპიონატი მაინც მეტს მოითხოვს.- ვიცი, რომ ლიტვაში ძალიან სერიოზული გამოცდა მელის და საამისოდ ვემზადები კიდეც. დილაობით ვვარჯიშობ, რათა ფიზიკური კონდიციები გავიმყარო. რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, ახლა საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები მიმდინარეობს და საკმაოდ დაკავებულიც ვარ.- რომელი მატჩების მსაჯობა უფრო ძნელია: საქართველოს ჩემპიონატის თუ საერთაშორისო მატჩების?- საქართველოს ჩემპიონატში უფრო მეტი დაძაბულობაა. ამას მსაჯების მიმართ ვგულისხმობ, რადგან ქართველი კალათბურთელები არბიტრების გადაწყვეტილებას არაადექვატურად ხვდებიან. ევროპულ კალათბურთში კი სულ სხვაა: იქ მსაჯის გადაწყვეტილებას არავინ ასაჩივრებს. ყოველი შემთხვევისთვის, მე ყველა სიტუაციისთვის ვემზადები და ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდები.