გარდაიცვალა ლევან ინწკირველი

გარდაიცვალა ლევან ინწკირველი

კალათბურთის ფედერაცია მწუხარებით იუწყება, რომ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კალათბურთის ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამორჩეული წარმომადგენელი, წარსულში დიდი კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან ინწკირველი.
 
მრავალი ტიტულის მომგები ლევან ინწკირველი 1927 წელს ქუთაისში დაიბადა. კალათბურთის თამაში 1944 წელს თბილისში, „ნორჩი დინამოელის“ გუნდში დაიწყო, სადაც მისი პირველი მწვრთნელი ე. ელენსკი გახლდათ.  3 წელიწადში ის „დინამოში“ გადავიდა და 18 წლის მანძილზე (1964 წლამდე) იცავდა ამ საუკეთესო ქართული გუნდის ღირსებას. ამ ხნის განმავლობაში ლევან ინწკირველმა მრავალი მედალი თუ ჯილდო მიიღო. იგი სამჯერ (1950, 1953, 1954) გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ვერცხლის მედალსაც სამჯერ – 1959, 1960 და 1961 წლებში დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი ორჯერ გახდა – 1948, 1952. ლევან ინწკირველმა საბჭოთა კავშირის თასი 1949, 1950 და 1951 წლებში მოიგო. ამას გარდა იგი არის უამრავი შიდაკავშირული ტუტულისა თუ პრიზის მფლობელი.
 

ბურთითაა ლევან ინწკირველი
 
1963 წლიდან ინწკირველმა მწვრთნელობას მოჰკიდა ხელი. თავიდან ბატონი ლევანი „დინამოს“ მოთამაშე–მწვრთნელი გახლდათ,  პარალელურად წვრთნიდა „ნორჩ დინამოელს“. 1968–70 წლებში ის თბილისის „დინამოს“ თავკაცობდა და პირველსავე  წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოაპოვებინა, ხოლო 1969–ში საკავშირო თასს დაეუფლა. ამავე წელს „დინამო“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასზე გაიყვანა და ფინალამდეც მივიდა. 1970 წელს მისმა გაწვრთნილმა „ნორჩმა დინამოელმა“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა.
 
ლევან ინწკირველმა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება 1963 წელს მიიღო, ხოლო 1969 წლიდან საქართველოს დამსახურებული მწვრთნელია.