ქართულ კალათბურთმა და სამედიცინო სფერომ დიდი დანაკლისი განიცადა. 89 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის “დინამოს” გამორჩეული წევრი, ამ ლეგენდარულ კლუბში საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ვაჟა გვანცელაძე. ბრწყინვალე საკალათბურთო კარიერის შემდეგ, ბატონმა ვაჟამ მედიცინის სფეროში გადაინაცვლა და ამ დარგში მეცნიერულ დონეზე დიდ წარმატებებს მიაღწია.
ცნობილმა მწვრთნელმა გიორგი ავალიშვილმა, 1950 წელს, ნიჭიერი ახალგაზრდა თბილისის ”დინამოში” მიიწვია. ვაჟა გვანცელაძე დინამოში 10 წელიწადი თამაშობდა ლეგენდარული კალათბურთელების მხარდამხარ და 1950, 1953 და 1955 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა.
ვაჟა გვანცელაძე გახლავთ საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო აკადემიის აკადემიკოსი, 72 სამეცნიერო ნაშრომის, 2 სასწავლო სახელმძღვანელოსა და 1 მონოგრაფიის ავტორი. მან პირველმა გამოიკვლია ზვარეს მინერალური წყლის დადებითი სამკურნალო ეფექტი პანკრეასის გარესეკრეციულ ფუნქციაზე ქრონიკული ქოლეცისტიტითა და გასტრიტით დაავადებულ ავადმყოფებში. საბჭოთა კავშირში პირველად მან დანერგა ვიზუალური მრავლობითი გასტრობიოფსია. ასევე, პირველმა შესწავლა შაქრიანი დიაბეტისას ელექტროკარდიოგრაფიულად ფარულად მიმდინარე კორონარული უკმარისობა მასტერსის სინჯის გამოყენებით.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი კალათბურთელის, ვაჟა გვანცელაძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.
კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით უკვე მიმართა თბილისის მერიას, რათა ვაჟა გვანცელაძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭოს.
პანაშვიდი გაიმართება ხუთშაბათსა (30 სექტემბერი) და პარასკევს (1 ოქტომბერი) თბილისში, ლვოვის ქუჩა 31-ში.
გამოსვენება 2 ოქტომბერს, ოლიმპიური სასახლიდან (მის: უნივერსიტეტის ქუჩა 15ა)