ქართული კალათბურთის და ზოგადად სპორტის მემატიანემ, დამსახურებულმა სპორტულმა ჟურნალისტმა და პიროვნებამ, გარუნ აკოპოვმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ფასდაუდებელი არქივი უსახსოვრა. საკუთარი ინიციატივით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, 92 წლის ბატონმა გარუნმა ის მასალა, რაც გასულ წლებში ქართული კალათბურთის შესახებ მის ხელთ დაგროვდა, კალათბურთის ფედერაციას აჩუქა.
ღვაწლმოსილ ჟურნალისტთან სახლში აღნიშნული არქივის ჩასაბარებლად საერთაშორისო კლასის არბიტრი, საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის პრეზიდენტი როლანდ ხომერიკი მივიდა. ბატონმა გარუნმა ფედერაციას მდიდარი არქივი გადასცა ფოტოების, საკალათბურთო ჟურნალ-გაზეთების, პროგრამების და სხვადასხვა დოკუმენტების სახით, რაც კალათბურთის ფედერაციისთვის ძვირფასი საჩუქარია.
გარუნ აკოპოვი არის საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის პირველი თავმჯდომარ. 1950-იანი წლებიდან ქართული სპორტის პროპაგანდისტი და მემატიანე, 40 წლის განმავლობაში საკავშირო პრესაში ქართული ფეხბურთისა და კალათბურთის უცვლელი მიმომხილველი, კალათბურთში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, მრავალი კონკურსის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.