გაუ-მ სუპერლიგის პირველი წრე კავკასიასთან იოლი გამარჯვებით დაასრულა

გაუ-მ სუპერლიგის პირველი წრე კავკასიასთან იოლი გამარჯვებით დაასრულა

სუპერლიგის პირველი წრე დასასრულს უახლოვდება. მე-11 ტურის ბოლოსწინა მატჩი თბილისი არენაზე გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდები შეხვდნენ. სტუდენტური დერბი ვერ გამოდგა დაძაბული. გაუ-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 98:66 (სტატისტიკა). 

კავკასია გასული სეზონის ბრინჯაოსმედალოსანია, თუმცა მიმდინარე სეზონში ჩავარდნა აქვს. გუნდმა 3 წაგებით დაიწყო და მართალია, შემდეგ 4 გამარჯვება მოიპოვა, პირველი წრის ბოლო აკორდი არასახარბიელო გამოდგა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, გაუ-ს კარგი თამაშია. თავის მხრივ, ქართულ-ამერიკულ გუნდს საზეიმოდ აქვთ საქმე. მიუხედავად ერთ-ერთი ლიდერის, ეროვნული ნაკრების წევრ ლუკა ლიკლიკაძის ტრავმის გამო გამოკლებისა, დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა კარგი სტარტის შემდეგ კიდევ არაერთი თამაში მოიგო და წრეს მაჟორულ ნოტაზე ხურავს.

6 გამარჯვება და 4 მარცხი – ახალგაზრდა ქართველებით როგავას გუნდმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. განსაკუთრებით დამაჯერებელი გამარჯვება სწორედ დღევანდელი იყო, რომლის ბედიც პირველ ნახევარში გადაწყდა. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, მეორე ათწუთეული ცალფარა გამოდგა. თევის სმიტის წინამძღოლობით გაუ-ელებმა სოლიდური გარღვევა მოაწყვეს და დიდი შესვენებისთვის ორმაგი იმდენი ქულით იგებდნენ, რამდენიც კავკასიას მთლიანად ჰქონდა მოგროვებული: 48:24.

ამ თამაშის გამარჯვებამდე მიყვანას დიდი ძალისხმევაც არ სჭირდებოდა, მით უმეტეს, როცა მეტოქეს სროლები არ მისდიოდა. თავად განსაჯეთ: კავკასიელებმა 26 ცდიდან მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდეს და ამ მრუდე მაჩვენებლის ფონზე საბოლოო შედეგი ლოგიკური ჩანს: გაუ-ს 32-ქულიანი გამარჯვება.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდში 25 ქულით ბომბარდირი თევის სმიტი გახდა. 18 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა აიზია სმოლმა. 15 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა ენდრიუ ლუისის ანგარიშზე დაგროვდა. კავკასიელთაგან 14 ქულით, 6 პასითა და 4 მოხსნით საუკეთესო იყო გრეგ ფარჰემი.