გიორგი კორსანტიას ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული

გიორგი კორსანტიას ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული

გიორგი კორსანტიამ საფრანგეთში გაიბრწყინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომელიც საფრანგეთის რანგით მე-3 ლიგის “კაენის” ღირსებას იცავს, მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. კაენელთა ქართველ ლეგიონერს მხოლოდ 19 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ მატჩის საუკეთესო შედეგი  დაეფიქსირებინა და MVP-ის ტიტული დაემსახურებინა.

“კაენი” სტუმრად “ბეზანსონს” შეხვდა და 77:59 დაამარცხა. კორსანტია სათადარიგო იყო და მოედანზე გასული საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ქართველი მძიმე ფორვარდი 19 წუთზე მეტს ითამაშებდა, 5 პერსონალურის გამო მოედანი რომ არ დაეტოვებინა. აღნიშნულ დროში კორსანტიამ 11 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო და მოგროვებულ 14 ქულას 11 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მოაყოლა. 

საერთო სარგებლიანობის ინდექსით კორსანტია გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო. საფრანგეთის მე-3 დივიზიონის 28 გუნდი ორადაა გაყოფილი. კორსანტიას “კაენი” B ჯგუფშია და 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით მეორე ადგილზე იმყოფება. A ჯგუფს 5 მოგებითა და 1 მარცხით გიორგი ტურძილაძის “რუეილი” ლიდერობს, რომელსაც ხანგრძლივი დასვენება აქვს და მომდევნო მატჩს 9 იანვარს ჩაატარებს.