გიორგი შერმადინი და ვლადიმერ ბოისა ადრიატიკის საკმაოდ პრესტიჟული ლიგის მოგებასთან ახლოს არიან. ლიუბლინაში მიმდინარე ამ შეჯიბრის ოთხთა ფინალის პირველი ბარიერი მასპინძლებმა წარმატებით დაძლიეს. “ოლიმპიამ” სლოვენიური, ოღონდ ქალაქ ნოვო მესტოს “კრკა” 67:57 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ბელგრადის “პარტიზანს” შეხვდება. სერბულმა კლუბმა თავის მხრივ ნახევარფინალში ჩერნოგორიული “ბუდუჩნოსტი” გაჭირვებით დაამარცხა. დღეს ლიუბლიანაში გიორგი შერმადინს შევეხმიანეთ და “კრკასთან” მატჩის პერიპეტიებზე ვესაუბრეთ.
– ძალიან რთული, თანაბარი თამაში იყო. კარგა ხანს გაურკვეველი იყო, თუ ვინ მოიგებდა. შანსები თანაბარი იყო და მიხარია, რომ საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვეთ. – მიმდინარე სეზონში “კრკასთან” დადებითი ბალანსი გქონდათ…- მართალია, ნოვომესტოელებს სლოვენისს თასზეც მოვუგეთ და ადრიატიკის ლიგის რეგულარულ ჩემპიონატშიც, მაგრამ ეს გუნდი ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი. ბოლომდე გვერბრძოლა და ჩვენებს რომ არ ეყოჩაღათ, მოიგებდა კიდეც. – უშუალოდ თამაშის მსვლელობაზე რას იტყვი, როდის მოიპოვეთ გადამწყვეტი უპირატესობა?- თავიდან 8:0 ვიგებდით, თუმცა პირველი მეოთხედის დასრულებამდე “კრკამ” გაგვისწრო. მერე ისევ მოვიპოვეთ უპირატესობა და 13 ქულით დავწინაურდით…- ეგ მაშინ მოხდა, როცა ორქულიანი ჩააგდე და თან მეტოქე შენზე დაჯარიმდა?- ზუსტად ეგ ეპიზოდი იყო, როცა ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა დაფიქსირდა. ის ჯარიმაც ჩავაგდე და 45:32 დავწინაურდით. აქ კი 45-ზე გავიყინეთ და მეტოქე 6 ქულით მოგვიახლოვდა, თუმც მესამე მეოთხედის ბოლოს “კრკას” გატეხვა მოვახერხეთ.- საკუთარ თამაშზე რას იტყვი?- საკუთარი თამაშით უკმაყოფილო ვარ. უკეთესად შემეძლო გარჯა, თუმცა მთავარი გაარჯვება იყო.- 16 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვე, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არაა…- შეიძლება არაა ცუდი სტატისტიკა, მაგრამ მე მაინც არ ვარ კმაყოფილი. 2-ჯერ დამაფარეს და ეს ძალიან არ მესიამოვნა. აღარც მახსოვს, ერთ მატჩში 2-ჯერ როდის დამაფარეს. გამიკვირდა, ხუთეულში რომ არ დავიწყე თამაში. ბოლო მატჩებში მუდმივად დამწყებ შემადგენლობაში ვარ და ამჯერად შეცვლაზე შევედი. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჩემთვის მთავარი გამარჯვება იყო. შედეგს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კლუბის ხელმძღვანელები და წაგების უფლება არ გვქონდა.- რას იტყვი ვლადიმერ ბოისას თამაშზე?- ბოისა ხუთეულში იყო და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა, საკმაოდ სასარგებლო იყო. ვოვამ კარგად ითამაშა დაცვაში და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.- მეორე ნახვარფინალზე და თქვენს საფინალო მეტოქეზე რას იტყვი?- დარბაზში რომ მივედით, მესამე მეოთხედი მიმდინარეობდა. მანამდე, საწყის 5 წუთს ყველამ ერთად სასტუმროში ვუყურეთ, სანამ დარბაზში წავიდოდით. მთელი შეხვედრის მანძილზე “ბუდუჩნოსტი” იგებდა და “პარტიზანმა” თამაშის შეტრიალება ბოლო 2 წუთში მოახერხა. “პარტიზანი” კარგი გუნდია, მაგრამ არა იმდენად, რომ უპირატესობა ხვალინდელ მატჩში მის მხარეს იყოს. რეგულარულ ჩემპიონატში შინ ჩვენ მოვიგეთ, ბელგრადში კი “პარტიზანმა” იმარჯვა. ხვალ ყველაფერი მოედანზე გადაწყდება. საკუთარ დარბაზში ვთამაშობთ და უნდა გავიმარჯვოთ.- გუშინდელი მოგების შემდეგ დღე როგორ ჩაამთავრე?- მატჩის შემდეგ მე, ბოისა და ჩემი აგენტი ლევან მიქელაძე, რომელიც ლიუბლიანაში მატჩების საყურებლად არის ჩამოსული, რესტორანში წავედით და ვივახშმეთ. თუ მოვიგეთ, ქეიფი და მხიარულება ხვალინდელი მატჩის შემდეგ იყოს.