გიორგი შერმადინი მალაგიდან კანარის კუნძულებზე გადავიდა

გიორგი შერმადინი მალაგიდან კანარის კუნძულებზე გადავიდა

გიორგი შერმადინი კარიერას კანარის კუნძულებზე განაგრძობს. 216 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველმა ცენტრმა, რომელმაც წინა 2 სეზონი მალაგის “უნიკახაში” გაატარა, ესპანეთის უმაღლესლიგელ “ტენერიფესთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის ოფიციალური საიტი კონტრაქტის შესახებ წერს: ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა 2019-20 წლების სეზონის ბოლოს მოთამაშეს სურვილისამებრ შეეძლება კონტრაქტის გაგრძელება ან გაწყვეტა.

ასე და ამგვარად, კანარის კუნძულების გუნდში 2 ქართველი ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ კანარის კუნძულების მეორე კლუბ “გრან კანარიასთან” კონტრაქტი 2 კვირის წინ ბექა ბურჯანაძემაც გააფორმა. ბურჯანაძე კანარებზე სანსებასტიანური “დელტეკოდან” გადავიდა, რომელიც გასულ სეზონში ბოლოსწინა ადგილზე გავიდა და LEB ლიგაში დაქვეითდა.

ხუთი სეზონია, რაც გიორგი შერმადინი ლიგა ენდესაში თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ის საშუალოდ 12.2 ქულასა და 5.8 მოხსნას აკეთებს, მისი საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16.1-ია. 

შერმადინის პირველი კომენტარი ასეთია: “ტენერიფეში” გადასვლა ჩემთვის ახალი გამოცდილება, ახალი გამოწვევაა. უკვე მაგრძნობინეს, რომ აქ ერთი დიდი ოჯახია და მისი წევრი ვარ. ბევრი შრომით ვეცდები გუნდს მაღალი მიზნების მიღწევაში დავეხმარო. არაერთი ქალაქი მომივლია, მაგრამ კუნძულზე პირველად მომიწევს ცხოვრება. ეს მე და ჩემს ოჯახს ძალიან გვახარებს. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას”.