გიორგი ცინცაძე ესტონეთიდან რუსულ სუპერლიგაში გადაბარგდა

ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე კარიერას რუსული სუპერლიგის გუნდ „ენისეიში“ გააგრძელებს. გასულ სეზონში კრასნოიარსკულმა გუნდმა რუსეთის სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე–8 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში მოხვდა, თუმცა მეოთხედფინალში ლიდერ ცსკა–ს შეხვდა და სერია 0:2 დათმო.
„ენისეი“ ახალგაზრდული გუნდია და დიდი ამბიციებიც არ გააჩნია, თუმცა რუსეთის ძლიერ ჩემპიონატში თავისი, არცთუ მოკრძალებული ადგილი უკავია.
„კრასნოიარსკულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გავაფორმე და ნაკრების თამაშები რომ დასრულდება, რუსეთში გავემგზავრები – გვითხრა გიორგი ცინცაძემ – მქონდა თურქული და უკრაინული კლუბების ვარიანტები, რომელიც ჩემმა აგენტმა გამომიძებნა, მაგრამ მე მაინც „ენისეი“ ვარჩიე და ეს ძირითადად კარგმა პირობებმა განსაზღვრა. უამრავი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს რუსეთში და რა მოხდა, კალათბურთელმაც რომ ითამაშოს, მით უფრო, რომ მე წლების მანძილზე ვიყავი რუსულ კლუბებში“.
ცინცაძემ წინა 2 სეზონი ესტონურ „ტარტუ როკში“ გაატარა და ამ კლუბში მან არაერთი ინდივიდუალური თუ გუნდური ტიტული მოიგო. გიორგისთვის რუსულ სუპერლიგაში თამაში უცხო ხილი როდია: ის თავის დროზე მოსკოვურ ცსკა–სა და „დინამოში“, ასევე პერმის „ურალ გრეიტსა“ და სამარის ვე–ვე–ეს–ში გამოდიოდა. სწორედ სამარული კლუბიდან გადაბარგდა ცინცაძე ესტონურ „როკში“ და ახლა ისევ რუსეთს, ოღონდ სრულიად სხვა გუნდში დაუბრუნდა.