გიორგი ცინცაძე ესტონეთში ვერცხლს დასჯერდა

გიორგი ცინცაძე ესტონეთში ვერცხლს დასჯერდა

გიორგი ცინცაძის „როკი“ ესტონეთის ჩემპიონი ვერ გახდა. ტარტუელები ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. ტალინური „კალევ–კრამო“ ფინალურ სერიაში დაუმარცხებელი იყო. „როკის“ მოედანზე გამართული სერიის მეოთხე მატჩიც დედაქალაქელებმა მოიგეს და მათ საბოლოოდ ჩემპიონობა მშრალი ანგარიშით – 4:0 მოიპოვეს.
 
ეს მატჩი სერიაში ყველაზე დაძაბული გამოდგა. გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გამოვლინდა. ძირითადი დრო ფრედ –77:77 დასრულდა, ოვერტაიმში კი სტუმრებმა 89:86 იმარჯვეს და ჩემპიონობაც მოიპოვეს.
 
გიორგი ცინცაძე ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე საკმაოდ დიდი ხანი – 32,37 წუთი გაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა 6–დან 3 ორქულიანი, 4–დან 4 საჯარიმო და 1–დან 1 სამქულიანი ჩააგდო. შესაბამისად, ცინცაძემ 13 ქულა მოაგროვა, რასაც 7 პასი, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრაც მოაყოლა.  მატჩის გმირი კი არმანდს შკელე გახდა, რომელმაც მომავალ ჩემპიონ „კალევ–კრამოს“ 27 ქულა მიაშველა.
 
საქართველოს ეროვნულ ნაკრების გამთამაშებლისთვის სეზონი დასრულებელია. ცინცაძეს ნაკრები 24 ივლისს, ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში ელოდება, გაფართოვებულ შეკრებაზე.