26 თებერვალს, ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისტორია დაწერა – ისლანდიასთან მატჩში 3 ქულით დამარცხდა, თუმცა ეს საკმარისი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად. წლევანდელ 26 თებერვალს კი ქართული კალათბურთის ისტორიის ნაწილი დასრულდა. ნაწილი, რომელსაც გიორგი ცინცაძე ჰქვია. ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი, რომელიც საქართველომ სერბეთის წინააღმდეგ გამართა, ბუდ წოდებული გიორგი ცინცაძისთვის 217-ე და უკანასკნელი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო გამთამაშებელმა 20-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ბუ ნაკრებიდან წავიდა – სამწუხაროდ, მისი ბოლო მატჩი მარცხიანი გამოდგა. საქართველო სერბეთთან 63:76 (სტატისტიკა) დამარცხდა და G ჯგუფში 2-დან 2 წაგებით ბოლო, მე-4 ადგილზეა.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან გამარჯვებას ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდს ვერვინ მოსთხოვდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩვენი გუნდი იმთავითვე განწირული იყო. სერბეთი არაერთი ვარსკვლავის გარეშე ჩამოვიდა თბილისში სათამაშოდ, თუმცა თუ რა რესურსი აქვს ამ ქვეყანას, ყველას კარგად მოეხსენება. ლეგენდარული სვეტისლვ პეშიჩის განკარგულებაში ევროლიგის მოთამაშეები იყვნენ, რომლებმაც თბილისში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა საკუთარი თამაშის პოვნას. სერბების დაცვა ჩვენს მოთამაშეებს შეტევაში სასურველი კომბინაციების გათამაშების საშუალებას არ აძლევდა, ხოლო მოედნის მეორე მხარეს, ანუ შეტევაში სლავები ქულების დასაგროვებლად მეტ არსენალს, უმთავრესად კლასის ხარჯზე ფლობდნენ. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი – 19 ქულა კაპიტან თორნიკე შენგელიას ჰქონდა, რომელზეც მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერბების მწვრთნელმა, სვეტისლავ პეშიჩმა თქვა, რომ მისმა გუნდმა შენგელია და ჯო ტომასონი გაანეიტრალა. ტომასონი ჩვენი გუნდის მეორე საუკეთესო მექულე გახლდათ და ამით ყველაფერი ნათქვამია. მიუხედავად კლასში არსებული სხვაობისა, საქართველოს ნაკრებმა რამდენჯერმე მოახერხა ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება და ამ გზით თამაშში დაბრუნება, თუმცა სწორედ იმ მომენტში სერბები ფეთქდებოდნენ და უპირატესობა თავის რეგულარულ მარჟას, 10-12 ქულას უბრუნდებოდა.
ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებმა სცადა, მაგრამ ბრძოლაში ვეღარ დაბრუნდა. ისე მოატანა ბოლო წუთებმა, სერბეთის ლიდერობა 10 ქულას არ ჩამოსცილებია და საბოლოოდ 13-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ჩვენს ნაკრებში 10-ქულიანი ზღვარი შენგელიამ (19) და ტომასონმა (13) დაძლიეს, რომელთა შემდეგ ყველაზე შედეგიანი ახალგაზრდა გამთამაშებელი, გიორგი ოჩხიკიძე იყო – 5 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 0 დაკარგვა. ოჩხიკიძემ 5 ქულა 2 სროლით მოაგროვა. მას ტყორცნა არ აუცილებია. ახალგაზრდა კალათბურთელის დამაჯერებელი თამაში ცინცაძის ნაკრებიდან წასვლის ფონზე იმედისმომცემია. ისევე როგორც ლუკა ლიკლიკაძე, კიდევ ერთი გამთამაშებელი, რომელიც ნაკრებს აქილევსის მყესზე გადატანილი ოპერაციის გამო აკლდა, თუმცა თბილისში ყოფნისას არც ერთი ვარჯიში არ გამოუტოვებია, რომ არ დასწრებოდა.
საქართველოს ნაკრებს შემდეგი მატჩები 3 და 5 ივლისს – შესაბამისად ლატვიასთან და ფილიპინებთან ექნება, რომელიც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში, ქალაქ რიგაში გაიმართება. უშუალოდ ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს საქართველოს ნაკრები ფინეთთან – 21 ნოემბერს ჰელსინკიში, ხოლო 24-ში თბილისში გამართავს.