წარუმატებლად დაიწყო ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერია გიორგი ცინცაძის „როკმა“. ტარტუელებმა პირველი მატჩი სრუმრად, ტალინში, „კალევ–კრამოსთან“ უშანსოდ – 51:75 წააგეს და სერიაში 0:1 ჩამორჩნენ.
ფინალურ სერიაში, რომელიც ოთხ მოგებამდეა, მოედნის უპირატესობა „კალევს“ აქვს. ტალინელებმა საკუთარ დარბაზში გამართული პირველი შეხვედრა იოლად მოიგეს. ეს მატჩი მიმდინარე სეზონში ერთ–ერთი ყველაზე უიღბლო იყო ქართველი უკანახაზელისთვის. ცინცაძე, რომელიც გარკვეული პაუზის შემდეგ სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა, 31–წუთიანი თამაშის შემდეგ მოედანი უქულოდ დატოვა.
გიორგიმ 2 ორქულიანი და 3 სამიანი ააცილა, საჯარიმოს ხაზზე კი არ დამდგარა. ცინცაძე საკმაოდ აქტიური იყო სხვა მხრივ: მან 6 პასი, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. თუმცა მთლიანობაში იმდენად უხეიროდ ითამაშეს ტარტუელებმა, რომ მატჩის მოგების შანსი არც ჰქონიათ. დაძაბული მხოლოდ პირველი მეოთხედი იყო, რის შემდეგაც მასპინძლეთა უპირატესობა აშკარა გახდა და ტალინელებმა საბოლოოდ დამაჯერებლად გაიმარვეს.
ფინალური სერიის მომდევნო მატჩი კვლავ ტალინში, 7 მაისს გაიმართება.