გოგა ბითაძე ორლანდო მეჯიქის წევრია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი რამდენიმე დღის წინ ინდიანას დაშორდა. ბითაძის ყოფილლმა გუნდმა მილუოკისთან გაცვლა განახორციელა, რის შემდეგ შემადგენლობაში ადგილის გამოსათავისუფლებლად ქართველი ცენტრი გაათავისუფლა, რის შემდეგაც, 3-4 დღე გოგა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. ბითაძე მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მაინც დარჩა, იგი ფლორიდულმა კლუბმა აიყვანა, თუმცა კონტრაქტის პირობები არ გახმაურებულა.
ინფორმაცია, რომელიც ბითაძის ორლანდოში გადასვლას ადასტურებს, ნბა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მეჯიქის საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტ, ჯეფ ველტმანის განცხადებაზე დაყრდნობით გააკეთა. ორლანდოს 24 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილი უკავია და საპლეიოფო ზონაში შესასვლელად იბრძვის. ფლორიდულ გუნდს ბითაძის გარდა 3 ნომინალური ცენტრი ჰყავს. განაცხადში აღნიშნულ პოზიციაზე ვენდელ კარტერი, ბოლ ბოლი და მორის ვაგნერი ირიცხებიან. სამივე მათგანი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 10 ქულაზე მეტს აგროვებს. ყველაზე კარგი სტატისტიკა კი ბითაძის მსგავსად 23 წლის კარტერს აქვს: 15.1 ქულა, 8.6 მოხსნა, 2.6 პასი.
გოგამ მიმდინარე სეზონში ინდიანაში 21-ჯერ ითამაშა. მისი სტატისტიკა მოკრძალებულია: 3.3 ქულა, 2.3 მოხსნა. ამ სეზონში ყველაზე წარმატებული მატჩი მას დეტროიტთან გქონდა, როცა ორმაგი დუბლი შეასრულა (14 ქულა და 15 მოხსნა).
2019 წლის დრაფტზე არჩეულ ქართველ კალათბურთელს სულ NBA-ის რეგულარულ სეზონშუ 170-ჯერ უთამაშია და აქედან 21 მატჩი სასტარტოში ხუთეულში დაიწყო. დრაფტზე გასვლამდე, გოგა ჰიუნდაის, თბილისის ვითას, სმედერევოს, მეგა ბიმაქსისა და ბუდუჩნოსტის ღირსებას იცავდა. ბითაძე ორლანდო მეჯიქში 35-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.