გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი და გამარჯვება სერბეთის ეროვნულ ჩემპიონატში

გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი და გამარჯვება სერბეთის ეროვნულ ჩემპიონატში

17 წლი გოგა ბითაძის მორიგი დიდებული მატჩი სერბეთის ეროვნულ ჩემპიონატში. „მეგა ბიმაქსის“ 18-წლამდელთა გუნდის პერსპექტიული ქართველი წევრი გამოცდილების მისაღებად და კლასის ასამაღლებლად სერბეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „სმედეროვოშია“ განათხოვრებული, სადაც ნელ-ნელა ლიდერად ყალიბდება. მორიგ ტურში სმედეროვოელებმა ჩემპიონატის მეორე მატჩი მოიგეს და ამაში ქართველი ცენტრის წილი უდიდესია.

ბოლო, მე-14 ადგილზე მყოფი „სმედეროვო“ სტუმრად მეხუთეადგილოსან „დუნავს“ შეხვდა და 86:75 დაამარცხა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში ბითაძემ 18 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.
ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის ინდექსმა 24 ერთეული შეადგინა და ის მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელებს – ნოვაკ მუჟიჩს (28) და სტეფან შიმიჩს (26). 2 მოგებითა და 21 მარცხით „სმედეროვო“ ბოლო ადგილზე მარტო აღარ არის და ამ პოზიციას იგივე შედეგის მქონე კლუბ „კონსტანტინთან“ იზიარებს.
„სმედეროვო“ მორიგ მატჩს 8 აპრილს, შინ მე-2 ადგილზე მყოფ „დინამიკთან“ გამართავს.